ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, ეკონომიკაში პრობლემებს პროგნოზირებს.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, კერძო სექტორი შეანელებს ინვესტიციების ჩადებას ქვეყანაში და ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც ძირითადად, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მიზეზებით არის გამოწვეული, შემცირდება.
იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას არ ესმის არც ცალკეული კომპანიების და არც ბიზნესასოციაციების გაფრთხილება ქვეყნის ეკონომიკაში მოსალოდნელ პრობლემებზე და ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები „ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგის შედეგია“, ნიკა შურღაიას წამყვანმა ჰკითხა - „კიდევ რა ბერკეტი აქვს ბიზნესს „ოცნების“ შესაჩერებლად, რათა ქვეყანამ კრიზისი თავიდან აიცილოს“.
„ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ როგორც თქვა - ყველას გმირობას ვერ მოსთხოვ, მაგრამ ქართველი ბიზნესმენები ჭკვიანები არიან... არის ასეთი ტერმინი - „მატრასზე წასვლა“ - ცოტა მაფიოზური ტერმინია... ვფიქრობ, ქართული ბიზნესი მატრასზე წავა - ეს იმას ნიშნავს, რომ სანგარში ჩავა, ფრთხილად იქნება, არ გააკეთებენ ინვესტიციებს, თავის დანაკარგებს გაუფრთხილდებიან. შემცირდება მოთხოვნა გრძელვადიანი მოხმარების პროდუქტებზე და ა.შ.
ადრეც ვამბობდი, რომ მაგალითად, მშენებლობის სექტორს აუცილებლად ექნება ძალიან დიდი ფინანსური პრობლემები. მოგეხსენებათ, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მშენებლობის სექტორზე მოდის; როდესაც შენდება ბინები, ეს არის მოხმარება, რადგან ბინები პროდუქტიული არ არის. შესაბამისად, მშენებლობა კარგია, როცა ფული იხარჯება, რადგან ხალხი მუშაობს, ხელფასს იღებს, სამშენებლო პროდუქტებით ვაჭრობა მიდის... ჩავთვალოთ, ეს პროცესი კარგს ქეიფს ჰგავს - კარგი ბინა მაქვს, მაგრამ ფული არ მაქვს.
ამდენად, [მიმდინარე მოვლენების გამო] ეკონომიკაში რომ პრობლემების კასკადი გაჩნდება და ინვესტიციები ქვეყნიდან გავა, მოხმარება, ფაქტობრივად, მშენებლობის სახით, დაგვაწვება კისერზე. ვალები იქნება გადასახდელი. ლარი რომ დასუსტდება, ბიზნესმენები აღმოაჩენენ, რომ თურმე ბევრი ვალი ჰქონიათ შემოსავლებთან შედარებით.
ძალაუფლების ძალით შემპყრობელი ადამიანებიც [ხელისუფლება] აღმოაჩენენ, რომ თურმე ქვეყანასაც ბევრი ვალი ჰქონია... ხომ ვიცით, 2021 წლის ძალიან კრიზისული მდგომარეობიდან, სხვადასხვა იღბლიანი ფაქტორის, ბიზნესმენების მუშაობის, ემიგრანტების ფულადი გზავნილების ხარჯზე იზრდებოდა ეკონომიკა; ხელისუფლებას დიდად არაფერი გაუკეთებია, მაგრამ შედეგი შეიფერეს; ახლა კი, გამოჩნდება რა გოგო-ბიჭები არიან“, - განაცხადა ნიკა შურღაიამ.
წყარო: bm.ge