„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას „რეა ინვესტმენტის“ დამფუძნებელმა ირმა მახარაძემ ბათუმში უძრავი ქონების არსებული ტენდენცია შეაფასა. მისი თქმით, წელს გაყიდვები 11 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, ბათუმში ბინების 70 პროცენტს უცხოელები ყიდულობენ, ხოლო დანარჩენი 30 პროცენტი ქართველებზე მოდის.

„ბათუმის ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი საერთაშორისო მოთხოვნაა. უცხოელი ინვესტორები დიდ როლს ასრულებენ მოთხოვნის კუთხით, განსაკუთრებით ახალ დეველოპერულ პროექტებში. საშუალო შეწონილით რომ ვიანგარიშოთ, უცხოელების წილი ეს არის 65-70 პროცენტი, ხოლო დანარჩენი 30 პროცენტი არის ქართველების წილი უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ევროპული ბაზრებიდან მოთხოვნა სტაბილურად იზრდება ბათუმის მიმართ, ანალოგიური ტენდენციაა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის უძრავ ქონებაზე მოთხოვნა დამოკიდებული არ არის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაზე, არამედ ინტერესი დღითი დღე ფართოვდება მრავალი ქვეყნის მხრიდან.

მინდა ასევე გითხრათ, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, უფრო კონკრეტულად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11 პროცენტით გაიზარდა გაყიდვები, რაც მოთხოვნის ზრდის მნიშვნელოვან მაჩვენებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ჩვენი პროექტების სტატისტიკიდან გამომდინარეც ზაფხულში მოთხოვნა იყო მზარდი“, - განაცხადა ირმა მახარაძემ.