1-ელი ივლისიდან, სოფლის მეურნეობის სექტორში თამაშის წესები იცვლება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის" ახალ მოდელს ნერგავს, რომლის მიხედვით, პროექტებს ბანკების ნაცვლად ჯერ სამინისტროში შეაფასებენ ანუ საფინანსო ინსტიტუტის ფილტრს სახელმწიფო ბიუროკრატია ჩაანაცვლებს.
საქმე ის არის, რომ როგორც ცნობილი გახდა, „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“ მონაწილეობისთვის პოტენციურ ბენეფიციარებს/ფერმერებს სოფლის განვითარების სააგენტოში 4 ეტაპის გავლა მოუწევთ: პირველი - ფერმერული მეურნეობების რეესტრში რეგისტრაცია; მეორე - განაცხადის ელექტრონული ფორმით შევსება; მესამე - "ბიზნესგეგმის" წარდგენა; მეოთხე - შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ ამჟამად, „შეღავათიან აგროკრედიტის პროგრამის“ ფარგლებში, შეღავათიან აგროკრედიტს გასცემენ პროექტში ჩართული ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები და სოფლის განვითარების სააგენტო არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში, 1-ელი ივლისიდან, განახლებული „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ თანახმად, სავალდებულო 4-ეტაპიან პროცესში ბანკი/საფინანსო ინსტიტუტი საერთოდ არ ჩანს.
ხომ არ უქმდება „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა“ და რატომ გადაწყვიტა დავით სონღულაშვილის გუნდმა „ბიზნესგეგმების“ სამინისტროში გაფილტვრა? - ამ და ახალ სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვებით BMG-მ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა“ შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა იცვლება პირობები. თუ აქამდე სახელმწიფო 11%-იან სუბსიდირებას 48 თვის განმავლობაში ახდენდა, ახალი მოდელით 8%-ს მხოლოდ 36 თვის განმავლობაში დააფინანსებს.
ასევე, დავსვით კითხვა: რატომ გადაწყდა, რომ პოტენციური ბენეფიციარების ბიზნესგეგმები, პირველ რიგში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგროთანადაფინანსების მისაღებად „ბიზნესგეგმები“, საფინანსო ინსტიტუტების ნაცვლად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტომ შეაფასოს და ან მოიწონოს, ან - არა? - დავით სონღულაშვილის უწყებიდან მოგვწერეს, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში მოქმედი მოდელით, „ბიზნესგეგმის“ დაფინანსებაზე გადაწყვეტილება ეფუძნებოდა, პირველ რიგში, ბანკის ინტერესს და უზრუნველყოფას, არა - სექტორულ პრიორიტეტებს.
„ხშირად ფინანსდებოდა პროექტები, რომლებიც არ ვიცოდით, რა გავლენას ახდენდა და როგორ შესრულდა... ახალი მიდგომის ლოგიკა არის ის, რომ: ფული უნდა წავიდეს იქ, სადაც რეალური ეფექტია. შესაბამისად, პირველ ეტაპზე: ფასდება ბიზნესგეგმის ხარისხი... ანუ ბანკი აფასებს, შეძლებს თუ არა ადამიანი სესხის დაბრუნებას. სახელმწიფო აფასებს, ღირს თუ არა ამ პროექტის დაფინანსება ქვეყნისთვის. ეს არის როლების გამიჯვნა, რაც აქამდე არ არსებობდა“, - ნათქვამია BMG-ის კითხვის პასუხად მომზადებულ წერილობით განმარტებაში.
მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს შევახსენეთ, "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ შესახებ მთავრობის 2014 წლის განკარგულება, სადაც დეტალურადაა გაწერილი პრიორიტეტული მიმართულებები, რომლის საფუძველზეც ბანკები საინტერესო და ფინანსურად გამართულ ბიზნესგეგმებს აკრედიტებდნენ, დავით სონღულაშვილი უწყებიდან მოგვწერეს, რომ "პრიორიტეტები ფორმალურად იყო განსაზღვრული და ხშირად ფინანსდებოდა არა ის პროექტები, რომლებიც დარგისთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომლებიც ბანკისთვის იყო ნაკლებად რისკიანი“.
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მოდელში სიახლეა ისიც, რომ სახელმწიფო თანამონაწილეობა ერთ პროექტში იქნება 50%, მაგრამ არაუმეტეს 2 მილიონი ლარისა.
„მთავარი პრინციპია: პირველად ხარჯვა, ხოლო შემდეგ თანადაფინანსება... მაგალითად, თქვენ უნდა განახორციელოთ მთლიანად 4-მილიონიანი ინვესტიცია და ამის შემდეგ იღებთ სახელმწიფოს თანადაფინანსებას, მაქსიმუმ 2 მილიონ ლარამდე“, - განუმარტეს BMG-ის სამინისტროში, სადაც სხვა კითხვებიც დავსვით - მათ შორის ისიც, რა ხდება იმ შემთხვევაში თუ „ბიზნესგეგმა“ მოიწონა სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ, მაგრამ ბანკმა - არა და შესაბამისად, სესხი არ დაამტკიცა და ა.შ.
BMG-ის კითხვები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხები ვრცლად: bm.ge