აუცილებელია ხუდონის, ნამოხვანის და ნენსკრა ჰესების აშენება, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, დავით მირცხულავამ ისაუბრა.

მისი თქმით, უნდა გვქონდეს შესაბამისი განახლებადი ენერგიის წყაროები.

„ასეთი პროექტები აუცილებლად არის განსახორციელებელი, აუცილებელია დიდი მასშტაბის განახლებადი ენერგიების ინტეგრაციისთვის ჩვენს ენერგოსისტემაში და იმისთვის, რომ არ დავრჩეთ მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნად, არამედ განვახორციელოთ ჩვენი განახლებადი ენერგიის ექსპორტი ევროპის ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე. ამისთვის უამრავი ტექნოლოგიური ბარიერი გვაქვს გადასალახი და დარგს მთელი საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება“, - განმარტავს დავით მირცხულავა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დავით მირცხულავა ხაზს უსვამს, საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებაა, რომლებისთვისაც ენერგეტიკის ბაზარი ქვეყანამ მაქსიმალურად მიმზიდველი უნდა გახადოს.

„შესაძლებელია ჩვენთან გაცილებით უფრო სწრაფად გაიზარდოს ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, ვინაიდან ტარიფით საკმაოდ მიმზიდველი ქვეყანა გვაქვს. ასევე, კლიმატური პირობები გვაძლევს საშუალებას, რომ პერსპექტივაში მრავალმა ინვესტორმა მოინდომოს დატა ცენტრების ჩვენს ქვეყანაში განლაგება, რისი წინასწარი ნიშნებიც ნამდვილად გვაქვს.

პრობლემა, რომ წყალსაცავიანი სადგურები ვერ ავაშენეთ, უნდა გამოსწორდეს, ეს აუცილებელია. მთელ მსოფლიოში ასეთი სადგურები შენდება და ისეთ ქვეყნებში, სადაც არნახული რაოდენობით აქვთ ასეთი სადგურებია, დღესაც დამატებით შესაძლებლობებს ეძებენ“, - განაცხადა დავით მირცხულავამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.