აშშ-ს განცხადება არის ნეგატიური სიგნალი საერთაშორისო თანამეგობრობისა და ბიზნესისთვის, რაც გამოიწვევს იმ ინვესტიციების შემცირებას საქართველოში, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას, - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ფინანსისტმა თემურ ბასილიამ „კომერსანტთან“ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ.
მისი თქმით, წლების წინ სწორედ, მათი დახმარებით შეძლო საქართველომ უმწვავესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა.
„ჩემთვის განსაკუთრებით სამწუხაროა, მოვლენების ასეთი განვითარება, რადგანაც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებული მართლაც უდიდესი წვლილი მაქვს შეტანილი აშშ-თან, ევროგაერთიანებასთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. სწორედ, მათი დახმარებით შევძელით ჩვენ, საქართველომ უმწვავესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, რეგიონში საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს როლის და ფუნქციის ჩამოყალიბება,თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, სტაბილური ეკონომიკური ზრდის და განვითარების უზრუნველყოფა და ა.შ.
აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ გამოიწვევს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არა მხოლოდ პოლიტიკური ურთიერთობების, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის შემცირებასაც. უფრო მეტიც, ეს განცხადება არის ნეგატიური სიგნალი საერთაშორისო თანამეგობრობისა და ბიზნესისთვის, რაც გამოიწვევს იმ ინვესტიციების შემცირებას საქართველოში, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას. მოგეხსენებათ, ინვესტიციები აუცილებელია რათა ქვეყანაში შეიქმნას ახალი საწარმოები და ახალი სამუშაო ადგილები, გაუმჯობესდეს ეკონომიკური მდგომარეობა და ცხოვრების დონე.
მიუხედავად ამ არასასურველი პერსპექტივისა, მინდა რომ ოპტიმისტი ვიყო და იმედი გამოვთქვა, რომ ქართველები ვიპოვით ამ კრიზისის დაძლევის გზასდა შევძლებთ ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენას. უნდა გვესმოდეს, რომ ეს უპირველეს ყოვლისა, ჩვენს სამშობლოს, საქართველოს სჭირდება“, - ამბობს თემურ ბასილია.
შეგახსენებთ, აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის თქმით, აშშ-მ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქართული ოცნების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ნაბიჯები აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადად დებულებებს არღვევდა.