საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ასეთი შეფასებები ინვესტორებისთვის „წითელი დროშის“ სიგნალს ნიშნავს - ასე აფასებს ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქესის“ მრჩეველი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე Fitch Solutions-ის ანგარიშს.

საქმე ისაა, რომ Fitch Ratings-ის შვილობილმა Fitch Solutions-მა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკის რისკები მთლიანად პოლიტიკური ფაქტორებით არის განპირობებული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, რუსეთს უახლოვდება და შესაბამისად, ქვეყანას ევროპის მხრიდან სანქციების რისკის წინაშე აყენებს.

როგორც ნიკოლოზ ალავიძე BMG-სთან ამბობს, ანგარიშში დეტალურად და მკაფიოდაა შეფასებული საქართველოში დღეს არსებული პრობლემური ვითარება, მათ შორის მიზეზი, თუ რატომ შორდება საქართველო დასავლეთს. მისი თქმით, შექმნილი ვითარება ქვეყანაში პასუხისმგებლიანი ინვესტორების შემოსვლას ხელს არ უწყობს.

„Fitch Solutions-ის ვრცელი დასკვნა ინვესტორებისთვის საკმაოდ ნეგატიური სიგნალია. რეინვესტირების ნაწილში კომპანიები უკვე იცნობენ აქაურ გარემოს და მათთვის ეს დამატებითი სახელმძღვანელოები ზედმეტიც არის, თუმცა ახალი ინვესტორებისთვის ეს არის უკვე ძალიან მძიმე, დამაფიქრებელი სიგნალი. ისეთი კომპანიებისთვის, რომლისთვისაც თანამედროვე ღირებულებები, კორპორატიული, პასუხისმგებლიანი ბიზნესის კეთება მნიშვნელოვანია, ეს უკვე „წითელი დროშის“ სიგნალს ნიშნავს. ამ ანგარიშში კონკრეტულად არის მითითებული [საქართველოში არსებული] პრობლემების საფუძველი და სიღრმე.

ამ დასკვნაში კონკრეტულადაა დასახლებული ამ პრობლემების სათავე, პირდაპირაა მითითებული, რომ სახელმწიფო პოლიტიკურად უფრო უახლოვდება რუსეთს და შორდება დასავლეთს, ასევე მითითებულია, რომ შესაძლოა, დამატებითი სანქციების პაკეტიც იყოს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ეს დასკვნები და ეს მოლოდინი ახალი, ჯანსაღი ჭკვიანი ინვესტიციების შემოდინებას ხელს ნამდვილად შეუშლის. ჩვენს მხარეს [მთავრობას] დასჭირდება, რომ გაასმაგოს და უფრო მეტად კომპეტენტური მიდგომებით მიუდგეს ინვესტორებთან ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობას და დაარწმუნოს ყველა პოტენციური ინვესტორი, რომ ამ ავტორიტეტულ დასკვნებში მოყვანილი ინფორმაცია გამოსწორებადია“, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

bm.ge