„როგორც დაანონსებული იყო, ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა, ახლა ველოდებით რომ 2 აგვისტოს მონეტარულ პოლიტიკას 10%-მდე  შეამცირებს - ამის  შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ აღნიშნა, მისი თქმით თუ ვითარება გაგრძელდა ისე, როგორც  პროგნოზირებულია, ეროვნული  ბანკი მონეტარული პოლიტიკის  შემსუბუქებას განაგრძობს.

„ცენტრალური ბანკები ამ პრაქტიკას მიმართავენ და წინასწარ აანონსებენ თუ როგორი  იქნება მონეტარული პოლიტიკა, როდის შემცირდება განაკვეთი და როდის მოიმატებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან ვინც რამის დაგეგმვას აპირებს, დაახლოებითი წარმოდგენა, რომ ჰქონდეს თუ რა არის სამიზნე მაჩვენებელი და რამდენ პროცენტზე იქნება წლის ბოლოს რეფინანსირების მაჩვენებელი.

არის ვარაუდი იმის შესახებ, რომ წლის ბოლოსთვის  რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე უნდა  შემცირდეს, რაც სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას შესაძლებელს გახდის.“ - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

კეპულაძის თქმით, ინფლაციის  შემცირებაზე საგარეო ფაქტორებიც ახდენს გავლენას, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა  დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული, მათ  შორის ისეთი პირველადი მოხმარების  პროდუქტებზე, როგორიცაა ზეთი, შაქარი, ხორბალი და ა.შ. და გლობალურად ამ პროდუქტებზე ფასებმა იკლო ეს საქართველოში  ინფლაციაზეც აისახა, თუმცა კეპულაძის  თქმით შიდა ინფლაცია კვლავ 9%-ზე რჩება, რომელზეც როგორც ერთობლივი მოთხოვნა, ასევე  ხელფასების ზრდაც მოქმედებს.

„ჩვენი ხელფასი ისე ვერ გაიზარდა, როგორც  ფასები, როდესაც თანაფარდობა შედგება და  ხელფასის ზრდაც შეჩერდება მაშინ დაიწყებს ინფლაციაც კლებას. ეროვნული ბანკიც სწორედ ამას აკვირდება და ის თავის ნაბიჯებში საკმაოდ  ფრთხილი და მოზომილია.

ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, რომელიც კონსტიტუციით  არის  გარანტირებული და  პირველ  რიგში ეროვნულმა  ბანკმა და  ეროვნული ბანკის საბჭომ უნდა იზრუნოს  იმაზე, რომ  ეროვნული ბანკის  დამოუკიდებლობას  ჩრდილი  არ მიადგეს“ - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.