არჩევნები იქნება ერთ-ერთი განმაპირობებელი ინვესტორების ხედვის და მოქმედებისა საქართველოში, - ამის შესახებ ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა სანდრო ჭუმბურიძემ bm.ge-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელიც ეხებოდა საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გავლენას ინვესტორების განწყობებზე.

„არჩევნებზე გადის დღეს საქართველოს დემოკრატიზაციის გზა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ დემოკრატიის მთავარი პრინციპი არის თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი სასამართლო, რომელიც უნდა შევქმნათ და თავისუფალი მედია. ამ სამ ძირითად ქვაკუთხედზე გადის საქართველოს გადარჩენის და განვითარების გზა“, - განაცხადა სანდრო ჭუმბურიძემ.

მისივე თქმით, აშშ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეებზე სანქციების დაწესება საქართველოს ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით არასახარბიელო შედეგს მოუტანს. როგორც მან აღნიშნა, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი სანქციებს აწესებს, "ეს იმის მიმანიშნებელია, რომ უფრო სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხებს".

„ასეთ ვითარებაში ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე, ნამდვილად არ ყოფილა“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ნებისმიერი კეთილსინდისიერი ინვესტორი, როდესაც ქვეყანაში ინვესტიციის ჩასადებად შემოდის, პირველ რიგში, უყურებს იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.

bm.ge