ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე ისაუბრა.

ცვლილებები მიზნად ისახავს ისეთი მექანიზმების შეთავაზებას, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას უზრუნველყოფს.

კანონმდებლობით გათვალისწინებულია „შავ სიასთან“ და დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შემოღება. კერძოდ, დღეისათვის „შავ სიაში“ მოხვედრა ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო კონტრაქტზე დაშვების უფლების შეზღუდვას გულისხმობს. ცვლილების თანახმად, კი ერთმანეთისგან იმიჯნება შემთხვევა, როდესაც სიაში მოხვდები ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო და შემთხვევა, როდესაც პირი ხელშეკრულების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას ჩაიდენს. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის აკრძალვა ერთი წლიდან ორ წლამდე იზრდება და ეს შეზღუდვა გავრცელდება არა მხოლოდ უშუალოდ იმ ეკონომიკურ ოპერატორზე, ვინც აღნიშნულ ქმედებას ჩაიდენს, არამედ მის დამფუძნებელზე და პარტნიორზე“, - განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

მისივე თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე ამახვილებს, რაც ქვეკონტრაქტორის ცნების ინსტიტუციურ დანერგვასა და მისი გამოყენების სამართლებრივი ჩარჩოს დეტალურ რეგულირებაში გამოიხატება.

კანონპროექტები პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.

bp.ge