2023 წლის აპრილში საქართველოდან ელექტროენერგიის ადგილობრივი ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აპრილში ექსპორტმა 12.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, დაახლოებით, 2,320-ჯერ აღემატება. 2022 წლის აპრილში ქვეყნიდან მხოლოდ 5.26 ათასი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა.
საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე მიმდინარე წლის მარტში ექსპორტი არ ფიქსირდება, შესაბამისად, ამ თვესთან შედარება შეუძლებელია, თუმცა ექსპორტი წლევანდელ თებერვალთან შედარებითაც, დაახლოებით, 130-ჯერაა გაზრდილი.
ექსპორტის ამგვარი ზრდის ფონზე, მცირდება ელექტროენერგიის იმპორტი და 2023 წლის აპრილში მინიმალურთან მიახლოებულ 4.26 ათას აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე, 4.3 მლნ აშშ დოლარს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის 4 თვეში იმპორტმა, საერთო ჯამში, 766.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, გასული წლის 4 თვეში კი ამ მაჩვენებელმა 34 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
იმპორტის კლება და ექსპორტის ზრდა იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანა შიდა მოთხოვნას საკუთარი გამომუშავებით აკმაყოფილებს, ჭარბ ენერგიას კი საზღვრებს გარეთ ყიდის.
2022 წლის დეკემბერში დავით ნარმანია ამბობდა, რომ ექსპორტის ზრდა ენგურჰესის რეაბილიტაციას და გამომუშავების 30%-ით ზრდას უკავშირდებოდა.
გამომუშავების ზრდასთან ერთად, ენერგეტიკული კრიზისის გამო, რომელსაც საქართველოზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს, მოთხოვნა და შესაბამისად, ფასები იზრდება მეზობელ თურქეთში, ჭარბი გენერაცია კი ექსპორტიორებს ელექტროენერგიის გაძვირებულ ფასად გაყიდვის საშუალებას აძლევს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ წელს მთავარი საექსპორტო ბაზარი 98%-წილით სწორედ თურქეთია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მაჩვენებლების ზრდას, ძირითადად, ხსენებული ორი ფაქტორი განაპირობებს.