2026 წლის პირველ ნახევარში, დღით ადრე ბაზარზე, მონაწილეებმა 41,196 მგვტ.სთ ელექტროენერგია ივაჭრეს, რაც 2025 წლის იმავე პერიოდის რაოდენობის (94,904 მგვტ.სთ) ნახევარზე ნაკლებია. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც აჯამებს დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობას 2026 წლის პირველ და მეორე კვარტალში.

ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია ბირჟის მონაწილეების შესახებ, ასევე შესყიდული და გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობისა და ფასის ანალიზი.

"2025 წელს აქტიური ვაჭრობა აპრილში დაიწყო და ივნისის ბოლომდე შეუჩერებლად გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ 2026 წელსაც მარტის მეორე ნახევარში დაიწყო მიწოდების განაცხადების განთავსება, ვაჭრობა არ შემდგარა აპრილსა და ივნისის მეორე ნახევარში.

მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი ჰიდროელექტროსადგურების გაზრდილი წარმოების შესაძლებლობებით იყო გამორჩეული და ამავდროულად, ელექტროენერგიის ექსპორტი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული საექსპორტო ბაზრებზე დაბალი ფასების გამო, გაზრდილი მიწოდება არ გადაითარგმნა ბირჟაზე ვაჭრობის გაზრდაში. აღნიშნულის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო წარმოების შეზღუდვასთან დაკავშირებული გაურკვევლობა, მათ შორის შეზღუდვა არსებული გაყიდვის ხელშეკრულების არსებობის პირობებში",- წერია ანგარიშში.

გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც თვის განმავლობაში ფასები თითქმის უცვლელი რჩებოდა, 2026 წლის მაისში ფასების უფრო მეტი ცვალებადობა დაფიქსირდა — მაქსიმალურ (115 ლარი მგვტ.სთ) და მინიმალურ (98 ლარი/მგვტ.სთ) ფასებს შორის სხვაობამ 17 ლარი/მგვტ.სთ შეადგინა. ამასთან, მაისში ბირჟაზე დაფიქსირდა მინიმალური ფასი — 98 ლარი/მგვტ.სთ.

ელექტროენერგიის ბირჟაზე გაყიდვა კანონმდებლობით შეზღუდულია სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებულ და მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე სადგურებისთვის, ასევე შეზღუდულია იმპორტის შეთავაზება ბირჟაზე. ენერგეტიკული ბირჟის თანახმად, ელექტროსადგურების დერეგულირების პარალელურად იზრდება ბირჟაზე გასაყიდად ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის რაოდენობა, თუმცა ბირჟაზე ვაჭრობის მოტივაცია კვლავ უცვლელია საათობრივი დაბალანსების და უბალანსობაზე შესაბამისი პასუხისმგებლობის არარსებობის პირობებში.

ანგარიშის თანახმად, საინტერესოა, რომ 2026 წლის მაისსა და ივნისში წარმოების სიჭარბის და შესაბამისად მისი მნიშვნელოვანი შეზღუდვების მიუხედავად, საბალანსო ელექტროენერგიის ამ პერიოდისთვის რეკორდულად მაღალი ფასები დაფიქსირდა.

"ბირჟის ფასი ასახავს მონაწილეების მოლოდინს საბალანსო ფასის მიმართ - მწარმოებლები ბირჟაზე ელექტროენერგიას სთავაზობდნენ 2025 წელთან შედარებით საშუალოდ 14%-ით იაფად, წარმოების სიჭარბის და მნიშვნელოვანი შეზღუდვების გათვალისწინებით. თუმცა, საბალანსო ფასის ფორმირების და დისპეტჩირების არსებული მექანიზმის გათვალისწინებით, მოლოდინები არ დაემთხვა რეალობას - პერიოდისთვის რეკორდულად მაღალ ფასებს. განსხვავება საბალანსო ელექტროენერგიის ფასსა და დღით ადრე ბაზრის საშუალო შეწონილ ფასს შორის 2026 წლის მაისში იყო 22%, ხოლო ივნისში - 28%. საბოლოოდ, მომხმარებლებმა 2026 წლის I ნახევარში, საბალანსო ბაზრის ფასთან შედარებით დაზოგეს 1,066,000 ლარზე მეტი",- წერია დოკუმენტში.

2026 წლის პირველი ნახევრის ბოლოს დღით ადრე ბაზარზე მონაწილეობისათვის რეგისტრირებული იყო 30, ხოლო დღიურ ბაზარზე - 20 მონაწილე.

შეგახსენებთ, საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის 1 ივლისს ამოქმედდა და გარდამავალი მოდელით მუშაობს. ენერგეტიკულ ბირჟას გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა ემუშავა, თუმცა რეფორმა მთავრობამ კიდევ ერთხელ, ამჯერად 2027 წლამდე გადაავადა. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. სრულყოფილად ამოქმედების პირობებში დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი.

2025 წელს ენერგეტიკულ ბირჟაზე 129,753.8 მგვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგია ივაჭრეს. ბირჟის წლიური ანგარიშის თანახმად, ეს მოცულობა 2024 წელს ნავაჭრს თითქმის 7.5-ჯერ აღემატება. ამასთან, მყიდველებმა 2025 წელს თითქმის 2,265,000 ლარი დაზოგეს, რაც 2024 წლის მონაცემს, 400,000 ლარს, 5.5-ჯერ აღემატება.

წყარო: bm.ge