საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება. მთავრობის დანარჩენ ფიგურანტებზე ჯერჯერობით არაფერი თქმულა, თუმცა დიდი ალბათობით იგივე გუნდი ეყოლება პრემიერს. ექსპეტრები ამბობენ, რომ ამჟამინდელმა ეკონომიკურმა გუნდმა საქართველოს განვითარება მოუტანა, ამიტომ ცვლილებები დღის წესრიგში არ დგას, მათი მთავრობაში დატოვება სტაბილურობის გარანტიას იძლევა.

„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარედ კი ფრაქცია ისევ შალვა პაპუაშვილს წარადგენს.

„გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად გავიარეთ სხვადასხვა საკითხები წლის ბოლომდე. ეს შეეხება პრემიერობის კანდიდატს, შეეხება საბიუჯეტო დაგეგმარების საკითხს საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ასევე, მთავრობის დამტკიცებას და ასევე პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის საკითხს.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება, ალბათ, განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარმოადგინა და ბუნებრივია, პოლიტსაბჭომ მას სრულად დაუჭირა მხარი. ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილს წარადგენს", - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

ჯერჯერობით უცნობია ამჟამინდელი მინიტრები გააგრძელებენ თუ არა საქმიანობას ახალ მთავრობაში. კონკრეტული დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, თუმცა მინისტრებში ცვლილებები, დიდი ალბათობით, არ იქნება.

ექსპერტების განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი საქმიანობას კარგად ართმევს თავს, ამიტომ მათი შეცვლა დღის წერიგში არ უნდა დადგეს. არსებული ეკონომიკური გუნდის დარჩენას ვარაუდობს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე და თან აცხადებს, რომ მთავრობა კარგად მუშაობს, ამიტომ ცვლილება არ არის მოსალოდნელი.

„როდესაც გუნდი იგებს არჩევნებს, მას არ ცვლიან. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, არ არის რომ მთავრობის შემადგენლობა შეიცვალოს და ეს ეხება, როგორც ეკონომიკურ გუნდს, ისე სხვა მიმართულებასაც.

ბოლო წლების ეკონომიკური ზრდა, ამას პლუს ამ წლის შედეგი, რომელიც, სავარაუდოდ, 9-10% იქნება, მიუთითებს იმაზე, რომ გუნდი კარგად მუშაობს. ეკონომიკური ბლოკის ყველაზე კარგი შემფასებელი არის თავად ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, ამიტომ არა მგონია, რომ მთავრობის ეკონომიკური ბლოკი შეიცვალოს. მაგალითად, ქვეყნის ბიუჯეტი გადაჭარბებით არის შესრულებული. რაც იყო გეგმა, იმასთან შედარებით 700 მილიონზე მეტია მობილიზირებული. აქედან გამომდინარე, როდესაც ვაფასებთ ამა თუ მინისტრსა და სამინისტროს, უნდა გამოვიდეთ რეალური სტატისტიკიდან.

საქართველოს აქვს საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი ინფლაცია, მყარი ეროვნული ვალუტა, გაზრდილი შემოსავლები, შემცირებული უმუშევრობა და ასეთ პირობებში ეკონომიკური გუნდის საქმიანობა უნდა შეფასდეს დადებითად. ამ ყველაფრიდან გამომდინარე რატომ უნდა შეიცვალოს რომელიმე მინისტრი?", - ამბობს ცუცქირიძე.

ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ დამაჯერებლად იზრდება და ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც. მიუხედავად პოლიტიკური რყევისა, მშვიდობაა საქართველოში, დაბალ მაჩვენებელზეა ინფლაცია, უმუშევრობა რეკორდულად შემცირდა, მყარია ეროვნული ვალუტა. ეს ყველაფერი კი სწორედ ეკონომიკური გუნდის საქმიანობის შედეგია, ამიტომ როგორც „ხალხის ძალის" წარმომადგენელმა თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, მთავრობაში იგივე ეკონომიკური გუნდი დარჩება და მათ დამსახურებულად დატოვებენ,

„რამდენად კარგად უძღვება ეკონომიკური გუნდი თავის საქმიანობას, ამაზე საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევის შეგედები. არა ქართული, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები, სადაც საქართველო, ყველა პარამეტრით, ეკონომიკური განვითარების კუთხით, არის დაწინაურებული. მსოფლიო ბანკის, გაეროს და ევროპული ორგანიზაციების კვლევებით საქართველოს ეკონომიკური მიმართულება არის მოწინავე ადგილებზე.

თუკი ამ ეკონომიკურმა გუნდმა შეძლო საქართველოს დაწინაურება საერთაშორისო კვლევებში, ესე იგი, მათ მართლაც შეძლეს რაღაც, მოახერხეს ქვეყნის დაწინაურება ეკონომიკური კუთხით. ტყუილს ხომ არ დაწერდნენ უცხოელები?

შეიძლება შემედავონ დაბალი და საშუალო ფენის წარმომადგენლები, რომ მათ ეკონომიკური წინვლის არაფერი ეტყობათ და მე მესმის მათი. რა თქმა უნდა, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი ოჯახია გაჭირვებაში, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული დრო. იმისათვის, რომ ეკონომიკური წინსვლა ქვედა დონეზე ჩავიდეს, ამას სჭირდება დრო და მე მეჯრა, რომ საქართველო კიდევ უფრო წინ წავა.

შემდეგ კვირაში გავიგებთ ახალი მთავრობას, მაგრამ თუკი ეკონომიკური გუნდი იქნება იგივე, მათ დამსახურებულად დატოვებენ, რადგან მათი მიღწევების შედეგებზე საუბრობენ უცხოელები", - განუცხადა ფიქრობს თამარ ჩიბურდანიძე.

წყარო: რეზონანსი