ზოგადად, ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტია და ცხადია, ეს ეხება სამშენებლო სექტორსაც, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  ეკონომისტმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ხიშტოვანმა განუცხადა.

მისი თქმით, ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ სექტორებში, სადაც სპეციფიკური ცოდნის კადრებია საჭირო და სწორედ ასეთია სამშენებლო სფერო.

საჭირო მუშახელის ნაკლებობაზე მიუთითებენ თავად ბიზნესსექტორშიც. ასევე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას კომპანია "არსის" გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე ამბობს, რომ ამ გამოწვევის გადასაჭრელად, ზოგიერთმა კომპანიამ საკადრო დეფიციტის აღმოფხვრა უცხოელი კადრებით დაიწყო და მუშახელი სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანა.

რაც შეეხება ანაზღაურებების საკითხს, შრომის ბაზრის ექსპერტები ამბობენ, რომ წელს ამ სექტორში ხელფასები იმ ტემპით და იმ პროცენტული მაჩვენებლებით აღარ იზრდება, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა.

გიორგი ხიშტოვანის განმარტებით, კვარტალურ ჭრილში დარგში ხელფასები შემცირებულიც კია, თუმცა წლიურად, კვლავ ზრდის მაჩვენებლები ფიქსირდება. ამაზე მიუთითებს "საქსტატის" ბოლო მონაცემებიც. კერძოდ, 2025 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 19.2 პროცენტით გაიზარდა. თვიურ ჭრილში კი კლება ფიქსირდება - მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საშუალო ხელფასი დარგში 1.6 პროცენტით შემცირდა.

თავად, რიგ სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებში კი აცხადებენ, რომ სამშენებლო სექტორში პანდემიის შემდეგ ხელფასები მუდმივად იზრდება და თუ ქვეყანაში რაიმე განსაკუთრებული მოვლენა არ მოხდა და მშენებლობების რიცხვი არ შემცირდა, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. შესაბამისად, კომპანიებში მიაჩნიათ, რომ თვიურად, ან კვარტალურად ანაზღაურებების მცირედით შემცირება, ზოგად სურათს ვერ შეცვლის.

შემცირებულია თავად სამშენებლო მასალებზე ფასების მატების ტემპიც. კომპანია "არსის" გენერალური დირექტორის - ბესო ორთოიძის თქმით, 2022 და 2023 წლებთან შედარებით, სამშენებლო დანადგარებსა და მასალებზე ფასები დასტაბილურებულია და თუ იზრდება, ძალიან მცირე პროცენტული მაჩვენებლით.

ერთადერთი მასალა რომელზედაც წლის განმავლობაში ფასები რამდენჯერმე გაიზარდა ბეტონია, სხვა მხრივ კი მასალებზე ფასების სტაბილიზაცია შეინიშნება, რაც აისახა კიდეც გასაყიდი უძრავი ქონების ფასებზე. წლიდან წლამდე ბინები ძვირდება, თუმცა მცირედით და არა ისე, როგორც ადრე ხდებოდა, ანუ მაღალი პროცენტული მაჩვენებლით“, - აღნიშნა ბესო ორთოიძემ.

ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლები კი თავად მანქანა-დანადგარების გაძვირებასთან დაკავშირებით ასეთია - საქსტატის ცნობით, სექტემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სამშენებლო მანქანა-დანადგარების ფასები  5.3 პროცენტით გაიზარდა.

bp.ge