საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით საერთაშორისო აკადემიური გამომცემლობის Springer Nature-ის წიგნში, სახელწოდებით „ფულის ტოკენიზაცია: ტრადიციული ვალუტებიდან სტაბილქოინებამდე“ არის წარმოდგენილი.
წიგნში გამოქვეყნებული თავი, From Stability Guardians to Innovation Architects: The Transformation of Monetary Authorities in the Digital Age, მომზადებულია ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების - კამილა ნიგმატულინას, კიიონგ შინისა და პინარ ოზქანის მიერ.
კვლევა მიმოიხილავს, როგორ იცვლება ცენტრალური ბანკების როლი ციფრული ფინანსების განვითარებასთან ერთად. საქართველოს ეროვნული ბანკი ნაშრომში წარმოდგენილია სამ საერთაშორისო ქეისს შორის, ყაზახეთის ეროვნულ ბანკსა და ჰონგ-კონგის მონეტარულ ორგანოსთან ერთად.
საქართველოსადმი მიძღვნილ ნაწილში განხილულია ეროვნული ბანკის ფინტექ სტრატეგია, საქართველოს როლი შუა დერეფანში და ტოკენიზებული დეპოზიტების ინიციატივა.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ეროვნული ბანკის ფინტექ სტრატეგია ემსახურება თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებას, პასუხისმგებლიანი ინოვაციისა და კონკურენციის ხელშეწყობას, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას და საქართველოს რეგიონულ ფინტექ ჰაბად ჩამოყალიბებას.
პუბლიკაციაში ასევე წარმოდგენილია ტოკენიზებული დეპოზიტებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების პროექტი, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს საშუალებას აძლევს, ახალი პროდუქტები რეგულირების ლაბორატორიის კონტროლირებად გარემოში გამოსცადონ.
საერთაშორისო აკადემიურ გამოცემაში საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილების ცალკე ქეისად წარმოდგენა მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს ზრდის საქართველოს ფინტექ ეკოსისტემის საერთაშორისო ხილვადობას და წარმოაჩენს ქვეყანას ცენტრალური ბანკების ციფრული ტრანსფორმაციის გლობალური დისკუსიის აქტიურ მონაწილედ.
ინფორმაციას სებ – ი ავრცელებს