თბილისში, უზნაძის N14-ში Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომელიც რამდენჯერმე გადაიდო და ბოლო ინფორმაციით 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ვადა კიდევ ერთხელ შეიცვალა და ამჯერად კომპანია პირობას დებს, რომ ის 2025 წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება.
მშენებლობის დასრულების ვადის გახანგრძლივების შესახებ ხელშეკრულება ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ქონების მფლობელ შპს ბეტა ფროფერთიზ-ს შორის ზაფხულში გაფორმდა, რის შემდეგაც არქიტექტურის სააგენტომ მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების უფლება გასცა.
ახალი მრავალფუნქციური სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობა, რომელიც არქეოლოგიის ყოფილი ცენტრის შენობის ადგილას ხორციელდება, არანაკლებ 120 სასტუმროს ნომერს, მინიმუმ 25 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს და არანაკლებ 7.5 დოლარის ლარის ინვესტიციას გულისხმობს.
თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის საინვესტიციო ღირებულება მინიმუმ 18 მილიონ დოლარს შეადგენს.
შპს ბეტა ფროფერთიზ მფლობელი „ბეტა ჯგუფია“, რომელი 2016 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანიას თავდაპირველად 4 მეწილე ჰყავდა: თამაზ თავაძე 25 %, გიორგი ქარაზანიშვილი 25%, ბეჟან სამხარაძე 25% და ედიშერ მამალაძე 25 %, რომელიც კომპანია საქკაბელის“ მმართველი პარტნიორიცაა, დირექტორად კი გიორგი გოშხეთელიანი ფიქსირდებოდა.
რეესტრის ბოლო მონაცემებით, „ბეტა ჯგუფში“ მფლობელები შეიცვალნენ. დღევანდელი მონაცემებით, კომპანიის 30%-ს ფლობს ნანა აროშიძე, 35% -ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სიემსი (თამაზ თავაძე 50%, გიორგი ქარაზანაშვილი 50%), 17.5 %-ს ბეჟან სამხარაძე, ხოლო 17.5 %-ს ედიშერ მამალაძე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში თბილისში, დ. უზნაძის ქუჩა N14–ში მდებარე სახელმწიფო ქონება ჯერ კიდევ 2017 წელს 1 960 000 ლარად ელექტრონულ აუქციონზე გაყიდა. აუქციონის თავდაპირველი პირობების მიხედვით კომპანია სულ მცირე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოეწყო, რისთვისაც არანაკლებ 6 500 000 დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.