ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ უცხოელი ბიზნესმენები საქართველოში ტურისტადაც აღარ ჩამოვლენ, არა თუ ფულის ჩასადებად. ბიზნესმენი ,,კომერსანტთან’’ აცხადებს, რომ ევროპასთან და აშშ-თან პოლიტიკური კავშირების გაწყვეტის ფონზე საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხი სასაცილოა.

,,სასაცილოა უკვე ეგ თემა. უცხოელი ბიზნესმენები საქართველოში ტურისტადაც აღარ ჩამოვლენ არა თუ ფულის ჩასადებად. როდესაც პოლიტიკური ურთიერთობები გაწყვეტილია ვინ ჩამოვა აქ? მიზეზი რა არის, რატომ ჩამოვა? ბაზარია დიდი თუ რა? ერთადერთი ჩვენი ქვეყნის ფასეულობა არის ადგილმდებარეობა, რომელიც შეიძლება გამოიყენო ექსპორტისთვის. დანარჩენი, რით არის მიმზიდველი ჩვენი ქვეყანა? კანონი არის თუ რა? უფრო მეტი ნეგატივია, ვიდრე პოზიტივი და ამ თემაზე საუბარი არ მსიამოვნებს, რადგან უკეთესს იმსახურებს ჩვენი ქვეყანა.’’- აცხადებს თემურ ჭყონია.

,,კომერსანტმა’’ ბიზნესმენს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ ჰკითხა. თემურ ჭყონიას საკითხის მხოლოდ მატერიალური კუთხით განხილვა არასწორად მიაჩნია, რადგან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტა ყველა სფეროს და სექტორს შეეხება.

,,ხშირ შემთხვევაში, როდესაც ვუსმენ სხვადასხვა პოლიტიკოსისგან აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შეფასებას, ყველას გადაჰყავს მატერიალურში. რაც არ არის სწორი. იმიტომ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის მარტო მატერიალურში გადაყვანა შეცდომაა. სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს, რომ ეს გზას უხსნის ამერიკისკენ ყველას, ბიზნესმენი იქნება, პოლიტიკოსი იქნება თუ ხელოვანი. მეგობრობა ხომ არ შეიძლება გადაიყვანო მატერიალურში? აქედან გამომდინარე უაღრესად დიდი ზიანია ჩვენი ქვეყნისათვის, იმიტომ რომ როდესაც სტრატეგიული პარტნიორი შენთან წყვეტს ურთიერთობას ეს ნიშნავს, რომ ამერიკის ნებისმიერი მოქალაქისათვის, მნიშვნელობა არ აქვს სად მოღვაწეობს, ჩვენს ქვეყანასთან გაწყვეტილია ყველანაირი ურთიერთობა.’’- აცხადებს თემურ ჭყონია.