საცხოვრებელი ბინების ბაზარზე მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს,- ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტო „კიბეს“ დამფუძნებელმა ნელიკო გოგუაძემ რადიო "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა.

თუმცა გოგუაძის თქმით, ტენდენცია განსხვავებულია გირავნობის შემთხვევაში- სტუდენტების დედაქალაქში ჩამოსვლასთან ერთად გირაზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება. 

,,საშუალო ფასი 15-20 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს ხოლმე და თუ რეალურად გამოჩნდა ბინა ცხოვრების უფლებით, ის ძალიან მალე გირავდება.

ხშირ შემთხვევაში, მშობლები არჩევენ, ბინა იგირაონ, ვიდრე ქირა გადაიხადონ. გირაოს მიწოდება, ძირითადად, არის ხოლმე არა ცხოვრების უფლებით, არამედ ასე ვთქვათ, სესხის სახით. ანუ, ბინაში მფლობელი რჩება, რაც გირაოს შინაარსს არ შეეფერება",- ამბობს გოგუაძე "კომერსანტთან ინტერვიუში. 

მისივე ინფორმაციით, ბინების ფასი იზრდება, თუმცა მოქალაქეები მაინც აქტიურად ყიდულობენ.

,,ფასების შემცირება ნამდვილად არ შეინიშნება, პირიქით, ზრდის ტენდენციას ვხედავთ. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, 2 წლის წინ ვარკეთილში 1 კვადრატულის ფასი 600-700 დოლარი რომ იყო, დღეს ყველაზე დაბალი ფასი 1100 დოლარია.

სამშენებლო კომპანიები უფრო პატარა ბინებზე გადავიდნენ. 40-50 კვადრატული ბინა ფასის მხრივაც უფრო მიმზიდველია და გაქირავების მხრივაც",- აღნიშნა უძრავი ქონების სააგენტო „კიბეს“ დამფუძნებელმა ნელიკო გოგუაძემ რადიო "კომერსანტის" ეთერში.