უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი სფეროა, რაზეც პოლიტიკურმა არეულობამ იმოქმედა. აქციებმა და დასავლეთის დამოკიდებულებამ, რომ საქართველომ ევროპული კურსი იცვალა, სამშენებლო სეგმენტში სტაბილურობა შეაფერხა და ახლა ბიზნესი პოლიტიკური კრიზისის დასრულების მოლოდინშია. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესს უკუსვლა ელის. 

უძრავი ქონების ბიზნესი ბოლო წლებში გამოწვევის წინაშე არაერთხელ აღმოჩნდა. ჯერ იყო კორონავირუსის პანდემია, შემდეგ მიგრანტების შემოდინება. ახლა კი პოლიტიკური არეულობის და დასავლეთის დამოკიდებულების გამო, რომ საქართველო ეროპული კურსი იცვალა, სამშენებლო სეგმენტმა კიდევ ერთ გამოწვევას უნდა გაუძლოს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ცამეტდღიანი დაძაბულობა სამშენებლო ბაზარზე უკვე აისახა.

კონკრეტულად კი, სფეროს წარმომადგენლებისგან ირკვევა, რომ ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში არიან და საქართველოში პოლიტიკური არეულობის დასრულებას ელოდებიან.

როგორც კომპანია „ჯეორეალთის“ დამფუძნებელს, მაია გამზარდიას მიაჩნია, ახლა ყველა ფაქტორია იმისათვის, რომ უძრავი ქონების სფერო, რაღაც მომენტში, გარკვეული პროცენტით სტაბილურობის ჩარჩოებიდან ამოვარდეს.

„ვისაუბრებ მხოლოდ იმაზე, თუ რა ზიანი მოუტანა მიმდინარე პროცესებმა უძრავი ქონების ბიზნესს. ზოგადად, ნებისმიერი ტიპის აქციას, თბილისის, თუ საქართველოს სხვა ქალაქების მასშტაბით, ყოველთვის მოჰყვება ხოლმე პაუზა უძრავი ქონების სფეროში, ეს ზოგჯერ გამოწვეულია მოთხოვნის შემცირებით, ზოგჯერ გადაწყვეტილებების მიღების ხანგრძლივობის გაზრდით, ეროვნული ვალუტის კურსის რყევით, დაკრედიტების სირთულით, ინვესტიციებისთვის სხვა ალტერნატიული წყაროს მოძიებით. რა ტიპის აქციებსაც არ უნდა ვაწყდებოდეთ, პროტესტის შინაარსის მიუხედავად, როგორც კი იწყება დესტაბილიზაცია, უძრავი ქონების მიმართულებით პროცესი ყოველთვის უარყოფითად ისახება.

ჩემი რამდენიმე უცხოელი დამკვეთისგან მივიღე ბოდიშის წერილი, რომელთა შინაარსიც იყო ასეთი, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, მათში ეჭვს იწვევს, ის თუ რამდენად დაცული იქნება მათი ინვესტიციები საქართველოში ან რამდენად მომგებიანი. ამიტომ ამ ეტაპზე ინვესტიციების აზრს ვერ ხედავენ.

გარდა იმისა, რომ უცხოური ინვესტიციების შემოდინების სირთულეებია, არც ადგილობრივი ინვესტიციებია კარგ დღეში. გახსოვთ ალბათ, რომ რაღაც დროს მყისიერად ლარის კურსის სერიოზული რყევის წინაშე აღმოვჩნდით და პროგნოზია, რომ კიდევ უფრო დიდი გაუფასურება გველის წინ. ნებისმიერ დროს, ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა მოქმედებს უძრავი ქონების ბიზნესზე, უძრავი ქონების ბრუნვაზე არა მხოლოდ დეველოპინგის, არამედ საბროკერო მიმართულებითაც. დაკრედიტების თვალსაზრისითაც პრობლემები იქმნება ბანკებში და სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეიქმნება. ამიტომ, ყველა ფაქტორია იმისა, რომ უძრავი ქონების სფერო, რაღაც მომენტში, სტაბილური სივრციდან ამოვარდეს”, - განაცხადა მაია გამზარდიამ და კითხვაზე რამდენად მასშტაბურია ინვესტორებისგან თანამშრომლობის შეწყვეტა, განაცხადა:

„მე რომ ვიყო ძალიან დიდი კომპანია, რომელსაც ათეულობით თანამშრომელი ჰყავს, ცხადია, უფრო მეტი იქნებოდა რაოდენობრივად, მაგრამ ვინაიდან ჩვენ არ ვართ ბევრნი და მხოლოდ გარკვეული მიმართულებით ვმუშაობთ, ვერ ვიტყვი, რომ ეს იყოს მაღალი სტატისტიკური მაჩვენებელი. ჩვენი დაკვეთების მასშტაბით ასეთი კატეგორიის ადამიანები სოლიდური ინვესტიციების განმახორციებლები არიან და ამიტომ ჩვენთვის ფინანსურად ნამდვილად დიდი დანაკარგია ასეთი ტიპის თანამშრომლობაზე უარის მიღება.

სხვათა შორის, ფაქტობრივად, გაჩერებულია ბევრი სასტუმრო, რადგან ტურისტული მიმართულებაც ჩავარდა. ტურიზმი ძალიან ახლოს არის ჩვენს სფეროსთან და ეს ნაწილიც გაჩერებულია”, - ამბობს  გამზარდია.

მიმდინარე მოვლენებმა ასახვა ჰპოვა კომპანია "სიგმაზეც”. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ზურაბ ლაჩაშვილმა განაცხადა, მათ შემთხვევაში, რამდენიმე ორგანიზაციამ ოფისის დაქირავება გადაიფიქრა.

"რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედებს. პოლიტიკური არეულობა არა მხოლოდ სამშენებლო სეგმენტზე, არამედ ყველაფერზე ახდენს უარყოფით გავლენას, თუმცა ჩვენი ბაზარი უფრო ინერციულია და ასახვა შესაძლოა, უცებ არც მოხდეს. რა თქმა უნდა, თუ ასე გაგარძელდა, გრძელვადიან პერსექტივაში იმოქმედებს.

რამდენიმე ორგანიზაციას ოფისის დაქირავება სურდა, მაგრამ გვითხრეს, რომ დაელოდებიან თუ როდის და როგორ დასრულდება პოლიტიკური არეულობა და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ასე რომ, ბუნებრივია, ბოლო დღეების მოვლენები მოქმედებს ჩვენს ბიზნესზე”, - განაცხადა ლაჩაშვილმა.

არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა სფეროს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა. როგორც "ჯი. მილერ ინტერნეიშენალ ჯორჯიას" დირექტორმა ნიკოლოზ ურუშაძემ განცხადა, უძრავი ქონების სექტორი სწრაფად არ რეაგირებს მოვლენებზე.

„რაღაც პერიოდის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები არ აისახება ნეგატიურად უძრავ ქონებაზე, რადგან ფული სხვა სფეროებიდან მოედინება აქ. რასაც ახლა ვამჩნევთ, ხალხი ცდილობს, რომ ფული გადაიტანოს იქ, სადაც მსგავსი მოვლენები ნაკლებად მტკივნეულია. საბოლოოდ, როდესაც უკვე შეწყდება ინვესტიციები, აღარ შემოვა ფული, აღარ იქნება ქვეყანა საინტერესო ინვესტორებისთვის, აუცილებლად უძრავ ქონებასაც დაარტყამს. არ დაარტყამს 3 თვეში, მაგრამ 6 თვეში და 1 წელში ჩვენ საკმაოდ სავალალო სიტუაციას მივიღებთ, ეს აუცილებლად გამოიწვევს ქონების გაუფასურებას, რიგი სექტორების ჩამოშლას და ა.შ.

ამ ეტაპზე ჯერჯერობით პროტესტის ისეთი დღეები გვაქვს, რომ არ არის განსაკუთრებული ცვლილებები უძრავ ქონებაში. თვის მაჩვენებლები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა სექტორი სწრაფად არ რეაგირებს მოვლენებზე. მომავალში ეს აუცილებლად უფრო ნეგატიურ ფაზაში გადავა“, - განაცხადა ნიკოლოზ ურუშაძემ "ბიზნესპრესნიუსთან”.

ისევე, როგორც დანარჩენ ბიზნესში, სამშენებლო სფეროშიც ყველაფერი პოლიტიკური დაძაბულობის ხანხრძლივობაზეა დამოკიდებული, ანუ იმაზე, თუ როგორ დასრულდება ვნებათაღელვა.

„არსის“ დირექტორის ბესო ორთოიძე აზრით, ვითარების დეესკალაცია თუ არ მოხდა, ბიზნესში კრიზისი გაგრძელდება და გაღრმავდება.

„ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ სამშენებლო სექტორზე რა გავლენა მოახდინა, შეიძლება ეს შეიძლება წლის ბოლოს შევაფასოთ. მიმდინარე ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ბოლო კვირებში სამშენებლო სექტორი გაჩერებულია - არა მარტო ტრანზაქციები, არამედ ოფისებშიც აღარ მოდიან, ზარებმაც იკლო, შეკვეთები საერთოდ აღარ არის.

ვალუტის ეროვნული მერყეობა სამშენებლო სექტორისთვის ძალიან სენსიტიურია. დღეს უძრავი ქონების ყიდვით რომ არავინ არაა დაინტერესებული, ეს ლოგიკურია. სამუშაო განწყობაც არ გვაქვს.

ვითარების დეესკალაცია თუ არ მოხდა, ბიზნესში კრიზისი გაგრძელდება და გაღრმავდება. თუ უძრავი ქონება არ გაიყიდა, მომიჯნავე სექტორებშიც პრობლემა შეიქმნება, მაგალითად, ტექნიკის, სარემონტო და სამშენებლო სფეროებს ძალიან დააზარალებს“, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.

წყარო: რეზონანსი