თუ ნედლეული გაგვიძვირდება ეს, რა თქმა უნდა, პროდუქციის ფასზე აისახება, - ამის შესახებ საკონდიტრო კომპანია "ტკბილი ქვეყნის" გაყიდვების დირექტორმა შალვა ტყემალაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რითაც მთავრობის მიერ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 

მისივე ინფორმაციით, კომპანია წარმოებისთვის ძირითადად, იმპორტირებულ შაქარს იყენებს. 

"ადრე ფქვილის გაძვირებაზეც იყო საუბარი. ლოგიკურია, რომ ნედლეულის გაძვირება, რა თქმა უნდა, პროდუქციის ფასზე აისახება. შესაბამისად, ახალი დადგენილების თანახმად, თუ შაქარი გაძვირდა, შესაძლოა, პროდუქციის ფასების გადახედვა მოხდეს", - აცხადებს შალვა ტყემალაძე.

ცნობისთვის, საკონდიტრო კომპანია "ტკბილი ქვეყანა" 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს და 3 ბრენდულ მაღაზიას ფლობს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. 10 აპრილს გამოქვეყნებული  დადგენილების  მიხედვით, 1 კგ. შაქარი 40 თეთრის გადასახადით დაიბეგრება. დადგენილება 2025 წლის 22 აპრილიდან ამოქმედდება და ძალაში 2026 წლის 22 აპრილამდე იქნება.

bp.ge