წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში და ე.წ. ქეშბექი წლიდან წლამდე მატულობს, - ამის შესახებ შპს „პოულტრი ჯორჯია”-ს („კოდა“) წარმოების დირექტორმა გიორგი ავალიანმა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კომპანიის მარჟა ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ 10%-ია.
„ჩვენი გაყიდვების 90% მოდის ქსელურ მაღაზიებზე. დისტრიბუციას ჩვენ თვითონ ვაკეთებთ. კომპანიის მარჟა ბოლო წლების განმავლობაში 10%-ია.
პრობლემას ვხედავთ იმაში რომ, წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში და ე.წ. ქეშბექი წლიდან წლამდე მატულობს. დღევანდელი მოცემულობით 22%-დან 25%-მდე მერყეობს „ქეშბექი“ კვერცხთან მიმართებით“, - განაცხადა ავალიანმა.
ცნობისთვის, პარლამენტში მოქმედი ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია აქტიურ მუშაობაზე დღეიდან გადადის. კომისიის წევრები დღეს ადგილობრივი ხორცის, რძისა და კვერცხის მწარმოებლებს ხვდებიან.