სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი თვის ჭრილში 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად 5%-იან მატებას აჩვენებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფასის მატებას, ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 17.8 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.0 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.62 და 1.23 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 

დეველოპერული კომპანია "ემ ქეი გრუპი"-ის დამფუძნებლის, მალხაზ კუნელაურის განცხადებით, უკანასკნელ წლებში მიღებული რეგულაციები, განსაკუთრებით ენერგოეფექტურობაზე მოთხოვნა მშენებლობის თვითღირებულებას აძვირებს. გაზრდილია დაქირავებული კადრების ანაზღაურება, თუმცა თუ ლარის მსყიდველუნარიანობას გავითვალისწინებთ, დასაქმებულებისთვის ეს ფინანსურად, დიდი გაუმჯობესება არ არის.

,,ბოლო წლებში მიღებულ ყველა რეგულაცია, მაგალითად ენერგოეფექტურობაზე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, მშენებლობას აძვირებს, რადგან უფრო სხვა ხარისხის მასალების შეძენას მოითხოვს.

ასევე დეფიციტურია კვალიფიციური მუშახელი, კარგი კადრი კი შესაბამის ანაზღაურებას მოითხოვს. ვერ ვიტყვი, რომ დასაქმებული თანამშრომლების ხელფასები იზრდება, რადგან  ლარის მსყიდველუნარიანობა გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე თუნდაც 3-5 წლიდ წინ იყო; ამიტომ თანამშრომლების ხელფასები კი არ იზრდება, უფრო მსყიდველთუნარინობას უახლოვდება",- აღნიშნავს კუნელაური. 

მისივე თქმით, მშენებლობის გაძვირებაზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ახალი მოთამაშეების ნაკლებობა და  რეზოლუციებისგან წარმოქმნილი ბარიერები ახდენს. გაზრდილი მოთხოვნების გამო მცირე დეველოპერები მშენებლობის ნებართვებს რთულად ან საერთოდ ვერ იღებენ, რაც ბაზარზე კონკურენციას ასუსტებს და ფასებს მოთხოვნასთან შეუსაბამოდ ზრდის.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ბაზრის მონოპოლიზება. უძრავი ქონების სექტორში, ისევე როგორც ყველგან, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას და ჯანსაღ კონკურენციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წლებია, უძრავი ქონების განვითარების ბაზარზე თითქმის ერთი და იმავე სუბიექტები ოპერირებენ და ახალი საინვესტიციო ჯგუფები ნაკლებად შემოდიან. ბევრი ახალი რეგულაცია, მიზანმიმართულად თუ უნებლიედ ქმნის ისეთი ტიპის ბარიერებს, რომლის გამოც მხოლოდ გარკვეული ტიპის ბიზნესსუბიექტებს რჩებათ უნარი, რომ სამშენებლო ნებართვა მიიღონ. ახალი სუბიექტები, როგორც ეს ადრე იყო, ბაზარზე არ ჩნდებიან, თუნდაც მცირე პროექტებით, ანუ კონკურენცია მაღალი არ არის და შესაბამისად ჯანსაღი ფასის რეგულირებაც ცოტა რთული იქნება და არ მგონია, ეს ფასი რეალურ საბაზრო სურათს ასახავდეს. სამშენებლო სექტორში ფასების ზრდა ბევრი ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული და ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მოთხოვნაა მაღალი. 
დიდმა კომპანიებმა გეომეტრიული პროგრესიით გაზარდეს ფასები, იმ პირობებში, როცა პატარა სამშენებლო კომპანიებს არსებობაც კი უჭირთ",- აღნიშნა დეველოპერული კომპანია "ემ ქეი გრუპი"-ის დამფუძნებელმა, მალხაზ კუნელაურმა.