წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები 20%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ "ალალის" წვენების მწარმოებელი კომპანია "აჩინებულის" დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის გაყიდვებში ექსპორტის წილი შემცირდა, აღნიშნული ზრდა ადგილობრივ ბაზარზე განვითარებამ გამოიწვია.

"ქსელურ მარკეტებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და ასევე, დავიმატეთ რამდენიმე ახალი ობიექტიც. საერთო ჯამში საქართველოს ბაზარზე, ქსელური მარკეტების 70-80%-ში უკვე წარმოდგენილები ვართ. ჩვენი პროდუქციის 70% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო 30% ექსპორტზე გაგვაქვს. რამდენიმე ქვეყანაში აღარ ვახორციელებთ ექსპორტს. მათ შორის, საფრანგეთში და ჩეხეთში. ამჟამად, პროდუქცია ინგლისში, ყაზახეთში, უზბეკეთში და უკრაინაში გაგვაქვს. საფრანგეთი და ჩეხეთი პროდუქციას დაბალ ფასში ითხოვენ, რასაც ჩვენ ვერ ვაწვდით. 

გარდა ამისა, ჩვენ კონტრაქტი გავაფორმეთ ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიასთან, რომელიც ექსპორტის მიმართულების განვითარებაში დაგვეხმარება. ვნახოთ რა იქნება", - აცხადებს გოჩა ღვინეფაძე.

მანვე აღნიშნა, რომ "ალალი" მოლაპარაკებების ეტაპზეა, ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც დსთ-ს ქვეყნებში ქსელურ მარკეტებს ფლობს. გოჩა ღვინეფაძის შეფასებით, თუ აღნიშნულ კომპანიასთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა მათი პროდუქციის ექსპორტი 50%-მდე გაიზრდება.

"როგორც ცნობილია "ბორჯომს" ვუმზადებთ ნედლ წვენს და სამომავლოდ, მოლაპარაკების ეტაპზე ვართ ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელსაც დავუმზადებთ ერთ-ერთი სახეობის ბოთლებში ჩამოსხმულ წვენს და თუ ეს შეთანხმება შედგა ჩვენი ექსპორტის მაჩვენებელი 50%-მდე გაიზრდება. აღნიშნულ კომპანიას დსთ-ს ბაზარზე აქვს მაღაზიათა ქსელი და ჩვენი წვენი მათი ბრენდის ქვეშ გაიყიდება", - აცხადებს გოჩა ღვინეფაძე.

ცნობისთვის, „აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. კომპანია „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. "აჩინებულის" საწარმო ამ ეტაპზე 10 სახეობის წვენს აწარმოებს და ნედლეულს თითქმის სრულად ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.

წყარო: ბიზნესპარტნიორი