არაქისის კარაქის ცნობადობა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. პროდუქტი ჩვენი სამომხმარებლო კულტურისთვის ახალია, თუმცა სასარგებლო თვისებების გამო მისი პოპულარობა იმატებს და არაქისის კარაქის მოყვარულთა რიგებს უფრო მეტი ადამიანი ემატება. მიწის თხილის კარაქი ,,სნექის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზური სამოილენკო ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მოთხოვნა მზარდია და მათი გაყიდვები ყოველწლიურად ორმაგდება. კომპანიამ გასულ თვეს 14 ტონა არაქისის კარაქი გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. ქართული წარმოების არაქისის კარაქი ბაზრისთვის ახალი პროდუქტია. კომპანიამ თავდაპირველად სამიზნე აუდიტორიად სპორტსმენები და აქტიური ცხოვრების წესით დაკავებული ადამიანები შეარჩია, თუმცა დროთა განმავლობაში გამოჩნდა, რომ კარაქის მომხმარებლები ბავშვიანი ოჯახებიც არიან.
,,ყოველ წელს ვიზრდებით. როდესაც საქმიანობა დავიწყეთ ეს ახალი პროდუქტი იყო ქართული ბაზრისთვის. საერთოდ ახალი კულტურაა არაქისის კარაქის მოხმარება. თავიდან იყო გამოხმაურება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც იციან პროდუქტის ღირებულებები. რაც მეტი დრო გადის მით მეტი მომხმარებელი ჰყავს ამ პროდუქტს. დინამიკა დაახლოებით რომ ავიღოთ, თითქმის ყოველ წელიწადს 2-ჯერ იზრდება გაყიდვები. გასულ თვეში 14 ტონაზე ავედით, როცა წინა წელს იგივე პერიოდში ამისი ნახევარი გავყიდეთ.თავიდან გათვლა გვქონდა იმ ადამიანებზე, ვინც აქტიურად არის გაკავებული სპორტითა და ფიტნესით, რადგან პროდუქტი ატარებს დადებით მახასიათებლებს მათთვის, ვინც კუნთოვანი მასის გაზრდას ცდილობს. თავიდან გვეგონა, რომ ეს იქნებოდა ჩვენი აუდიტორია, თუმცა რაც დრო გავიდა დავინახეთ, რომ ჩვენი აუდიტორია სხვა სეგმენტსაც მოიცავს. ახალგაზრდები, ოჯახები, ბავშვები. მათთვისაც საყვარელი პროდუქტი გახდა.’’- აცხადებს ზური სამოილენკო.
,,სნექი“ არაქისის კარაქს იმპორტირებული ნედლეულით აწარმოებს. მიწის თხილი ძირითადად ბრაზილიიდან და არგენტინიდან შემოაქვთ. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, რომ საქართველოს მიწის თხილის წარმოების პოტენციალი აქვს, რადგან აქ მის მოსაყვანად საჭირო კლიმატური პირობები არის, თუმცა ქვეყანაში მცირე რაოდენობის მიწის თხილს ვაწარმოებთ. აღნიშნულის გამო, მისი თვითღირებულება იმპორტირებულთან შედარებით მაღალია.
,,საქართველოში მიწის თხილი იმდენი არ მოჰყავთ, რომ ჩვენ გადავამუშაოთ. ერთ წელში რა ოდენობაც მოდის ეგ შეიძლება ერთი თვეც არ გვეყოს, რომ გადავამუშაოთ. საქართველოში კლიმატი უწყობს ხელს მიწის თხილის მოყვანას. თუმცა ამას ორგანიზება უნდა. ჩვენ გაგვიკეთებია ტესტები და შესაძლებელია მოყვანა. აქ წარმოებულ ნედლეულს პატარა მინუსი აქვს. საქართველოში მოყვანილი არაქისი ოდნავ ძვირი გამოდის, თუმცა გემოს კუთხით არ ჩამოუვარდებოდა ბრაზილიურს და არგენტინულს. მაგრამ ოდნავ ძვირი გამოდის, რადგან ჩვენთან წარმოება დიდი ბრუნვაზე არ ხდება. თვითღირებულება მაღალი აქვს. დიდი ფართობზე თუ იქნება გაშენებული და უფრო მასიური წარმოება გვექნება, თვითღირებულებაც ნაკლები იქნება. იძულებულები ვართ იმპორტიორი კომპანიისგან შევიძინოთ. ძირითადად ვყიდულობთ ბრაზილიიდან. ინდოეთი და ჩინეთიც არ ჩამოუვარდება.’’- აცხადებს ზური სამოილენკო.