Temu-მ, ჩინურმა ინტერნეტრითეილმა დაბალი ფასებისა და მიწოდების სიმარტივის გამო გლობალურ ბაზარზე, მათ შორის ქართულზეც, პოპულარულობა მალე მოიპოვა. ექსპერტების მტკიცებით, ეს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ეს სერიოზული გამოწვევაა. ელექტრონული კომერციის ასოციაციის ხელმძღვანელის, ლადო კანდელაკის თქმით, Temu-სთან საფასო ნაწილში კონკურენცია შეუძლებელია, რის გამოც ბოლო წლებია, ადგილობრივი ბაზრის ზრდის ტემპი შენელდა.
კანდელაკი სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ღონისძიებების გატარებას აუცილებლად მიიჩნევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილობრივი ბაზრის კრიზისი უფრო გაღრმავდება.
როგორც ის "კომერსანტთან" ამბობს, ონლაინვაჭრობის რეგულაციები რიგ ქვეყნებში წარმატებით ხორციელდება, რისი მაგალითიც საქართველომ უნდა აიღოს.
,,Temu-მ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში დიდი ცვლილებები მოახდინა თავისი საფასო პოლიტიკით, რამაც ადგილობრივ სექტორზე რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა.
არის ქვეყნები, სადაც სახელმწიფო ერევა, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით და მაქსიმალურად ცდილობს, რომ ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესი დაიცვას, ადგილობრივი ელექტრონული კომერცია გააძლიეროს. არ ვამბობ, რომ რაღაცები უნდა აიკრძალოს, თუმცა, უნდა ვიცოდეთ სახელმწიფოს ხედვა, სტრატეგია.
Temu-სთან ფასებით კონკურენცია წარმოუდგენელია, არარეალისტურია. ამიტომ რაღაც ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კი არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისი უფრო გაღრმავდება",- აღნიშნა ლადო კანდელაკმა რადიო "კომერსანტის" ეთერში.