ახალციხეში არსებული კაფე-საცხობი „ნამცხვრის სახლი“ რეგიონებში და დედაქალაქში ფილიალების დამატებას გეგმავს. როგორც შპს „ეს ელ კომპანის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ლალი სამსონიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა თბილისში არსებული მაღალი კონკურენცია არ აშინებს.

ახალციხეში მდებარე კაფე-რესტორანი უკვე 3 ფილიალს ფლობს, სადაც 70-მდე ადამიანია დასაქმებული.  

„კაფე-რესტორანი 2013 წელს დაარსდა და ფაქტობრივად ნული ბიუჯეტით დავიწყეთ. დღეს 2 ფილიალი გვაქვს ახალციხეში და ერთი ბორჯომში. წლის ბოლომდე ფილიალს გავხსნი თბილისშიც, მესმის რომ დედაქალაქში მაღალი კონკურენციაა, თუმცა იქ არსებული საკონდიტროებს კონკურენციას მაღალი ხარისხის პროდუქციით გავუწევთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საკონდიტრო ნაწარმი კარგი პროდუქტებით იყოს დამზადებული და მაგალითად არ გამოვიყენოთ კარაქის ნაცვლად სპრედი, როგორც ძირითადად აკეთებენ ხოლმე. 

ვმუშაობთ საკონდიტრო-ცომეულის მიმართულებით, ასევე გვაქვს ქართულ-ევროპული სარესტორნე მენიუ და ქეითერინგით მომსახურება. ფასები ხარისხის შესაბამისია და თბილისშიც ჩვენი მთავარი ნიშა იქნება მაღალი ხარისხი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასები. დღის განმავლობაში სამივე ფილიალში ჯამში 1000-1200 ადამიანამდე გვსტუმრობს.

მუდმივად ვცდილობთ ჩვენი ცოდნის გაღრმავებას და ვესწრებით სხვადასხვა საინტერესო ტრენინგებს, ვითვალისწინებთ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შეფ-მზარეულების და კონდიტერების რჩევებს. გვაქვს ურთიერთობა კონკურენტ კომპანიებთანაც, ამიტომ კონკურენცია არ გვაშინებს“, - ამბობს ლალი სამსონიძე. 

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ლალი სამსონიძე ამბობს, რომ გაიხსნება ევროპული სტანდარტის საკონდიტრო, პურ-ფუნთუშეულისა და ნახევარ ფაბრიკატების ქარხანა, რომელიც უზრუნველყოფს ფილიალების უწყვეტ მომარაგებას მაღალი ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტებით. წარმოებული პროდუქცია რეგიონის მასშტაბით გავა ჰორეკა სექტორში და ასევე ქსელურ მარკეტებში.