25 ნოემბრიდან ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის გარკვეული კატეგორიის კომერციულ იმპორტზე საბაჟო გაფორმების საფასური 1 კილოგრამზე 3 ლარით განისაზღვრა. ახალი ტარიფი მეორად ტანსაცმელს, ნახმარ ნაწარმსა და ტექსტილის ნარჩენებს არ შეეხება.
ცვლილება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 13 ნოემბრის №535 დადგენილებით დამტკიცდა. დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
ახალი განაკვეთი ვრცელდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 61-65 ჯგუფებში შემავალ პროდუქციაზე, გარდა 6309 და 6310 სასაქონლო პოზიციებისა. ჩამონათვალში შედის სხვადასხვა ტიპის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავები, მათი ნაწილები და სხვა მზა ტექსტილის ნაწარმი.
დადგენილების მიხედვით, იმპორტიორს საბაჟო გაფორმებისას ორი ტარიფიდან უფრო მაღალის გადახდა მოუწევს: საქონლის საბაჟო ღირებულების მიხედვით განსაზღვრული ფიქსირებული საფასურის (100-დან 500 ლარამდე) ან წონის მიხედვით დაანგარიშებული თანხის – 1 კილოგრამზე 3 ლარის.
შესაბამისად, თუ ტვირთის წონის მიხედვით გამოთვლილი საფასური ფიქსირებულ ტარიფს გადააჭარბებს, იმპორტიორი სწორედ ამ თანხას გადაიხდის.
მაგალითად, 1 ტონა საქონლის იმპორტის შემთხვევაში საბაჟო გაფორმების საფასური 3 000 ლარი იქნება. ეს 15 000 ლარზე მეტი ღირებულების ტვირთისთვის აქამდე მოქმედ მაქსიმალურ, 500-ლარიან ტარიფზე ექვსჯერ მეტია.
ახალი ტარიფისგან გათავისუფლდება ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) და დიდ ბრიტანეთთან გაფორმებული სავაჭრო შეთანხმებების ფარგლებში იმპორტირებული საქონელიც, თუ დეკლარირებისას წარდგენილი იქნება EUR.1 წარმოშობის სერტიფიკატი ან წარმოშობის დეკლარაცია.
გამონაკლისებში ასევე შედის საქონელი, რომელიც საბაჟო დეკლარაციის „ფორმა 4“-ის გამოყენებით ფორმდება.