გერმანიაში თამაზ გიორგაძის მიერ დაფუძნებული ფინტექ-კომპანია Raisin-ის აქტივების მოცულობა, ბოლო 9 თვეში, 66%-ით - 50 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. ამის შესახებ linkedin-ზე თავად ბიზნესმენი წერს და ამატებს, რომ ძალიან მოხარულია იმ ფაქტით, რომ Raisin-ის მრჩეველთა საბჭოს UBS-ის ყოფილი თავმჯდომარე და გერმანიის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აქსელ ვებერი შეუერთდა.
Financial Times-ის ინფორმაციით, ვებერი, რომელმაც UBS-ი 10-წლიანი მუშაობის შემდეგ 2022 წელს დატოვა, fintech კომპანიაში ახალ პოზიციაზე მუშაობას მიმდინარე წლის დეკემბრიდან შეუდგება. გამოცემა იმასაც წერს, რომ ვებერი შესაძლოა Raisin-ის თავმჯდომარეობის კანდიდატიც გახდეს და თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ის ამ თანამდებობაზე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და Raisin-ის ინვესტორს ლადო გურგენიძეს ჩაანაცვლებს, რომელიც მრჩეველთა საბჭოში დარჩება.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, თამაზ გიორგაძე FT-სთან აცხადებს, რომ, საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდის გამო, Raisin-ის მართვის ქვეშ მყოფი აქტივები წელს 20 მლრდ ევროთი - 50 მლრდ ევრომდე გაიზარდა და აქედან თანხების მეოთხედი აშშ-ს მომხმარებლებზე მოდის.
ვებერმა, რომელიც ასევე Flossbach von Storch-ის გერმანელი აქტივების მენეჯერი და Boston Consulting Group-ის მრჩეველია, Financial Times-ს განუცხადა, რომ Raisin-ში გაწევრიანების ერთ-ერთი მიზეზი სტარტაპის ტრანსსასაზღვრო საქმიანობა იყო.
„ევროპის კაპიტალის ბაზარი და საბანკო კავშირი ყოველთვის იყო ჩემი ერთ-ერთი ჰობი,“ - თქვა მან და დასძინა, რომ სწრაფად მზარდ ბიზნესისთვის მოუთმენლად ელის თავისი გამოცდილების გაზიარებას. მან ისიც თქვა, რომ ვერ ხედავს ინტერესთა პოტენციურ კონფლიქტს Flossbach von Storch-სა და Raisin-ში მის ახალ პოზიციას შორის.
გიორგაძემ FT-სთან აცხადებს, რომ ვებერის ათწლეულის გამოცდილება UBS-ში ძალიან ღირებული იქნება Raisin-ისთვის. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აშკარად ვოპერირებთ ბაზრის ქვედა სეგმენტში, ჩვენ ასევე გვაქვს სურვილი საინვესტიციო და საპენსიო პროდუქტებიც განვავითაროთ “, - განაცხადა თამაზ გიორგაძემ.
Raisin-ში აცხადებენ რომ 10 წლის წინ დაარსებულ კომპანიას დღეს უკვე 1,3 მილიონი კლიენტი ჰყავს და ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ 1 მილიარდ ევროზე მეტი გამოიმუშავა. Raisin-მა მარტში ყოფილი და ახალი ინვესტირებისგან 60 მილიონი ევრო მოიზიდა, მათ შორის Goldman Sachs-ისგან და განაცხადა, რომ ფულს თავისი ვებსაიტის გაუმჯობესებასა და აშშ-ს ბაზარზე გაფართოებაში დახარჯავს.
რაც შეეხება თამაზ გიორგაძეს,ის გერმანიაში თავდაპირველად სასწავლებლად წავიდა, მაგრამ დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება განიზრახა და 9 წელი McKinsey & Co.-ში იმუშავა, 2013 წელს კი პარტნიორებთან ერთად ბერლინში ფინტექ კომპანია - Raisin-ი დააარსა.
Raisin-ი ამჟამად ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ფინტექ-სტარტაპია. კომპანიის მიერ შექმნილი პლატფორმა მომხმარებელს მასზე მორგებული სადეპოზიტო პროდუქტის შეძენაში ეხმარება და სხვადასხვა ევროპული ბანკების პირობებს სთავაზობს. Raisin-ი 2019 წელს ევროპის ტოპ 5 ფინტექ კომპანიას შორის დასახელდა. დღეს Raisin-ი მართავს ონლაინ პლატფორმებს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და ევროპის 5 სხვა ქვეყანაში.