საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ამერიკული ავტომანქანების ექსპორტი/რეექსპორტი აიკრძალა. საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილ მანქანებზე რეექსპორტზე/ექსპორტზე შეზღუდვა 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდა, ხოლო ევროპიდან შემოყვანილი მანქანების გაყვანა ამავე ქვეყნებში 26 სექტემბრიდან აიკრძალება. ამას ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი ითვალისწინებს.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსი ნონიაძის შეფასებით, სანქციების შედეგად დანაკარგი დაახლოებით 55-60 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება, მაგრამ თუ აკრძალვა სხვა ქვეყნებზეც გავრცელდება, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
,,რუსეთში ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი 5%-ს შეადგენს, რაც თანხობრივად 53 მილიონი დოლარია, შესაბამისად საქართველო ამ აკრძალვებით დაახლოებით 55-60 მლნ დოლარს დაკარგავს. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ საქართველოდან რეექსპორტზე გასაყვან ავტომობილებზე, მაგრამ შეიძლება მალე დაემატოს სხვა ქვეყნებიც - ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი, საიდანაც როგორც ცნობილია დიდი ოდენობით ავტომობილები გაჰყავთ რუსეთშიც.
არის მოსაზრება, რომ ამ ქვეყნებსაც შეიძლება დაუწესდეს შეზღუდვა, რაც საქართველოს ბაზრისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგი იქნება. რთულია ამ ეტაპზე იმის თქმა ეს კონკრეტულად რამდენია, თუმცა არც ისე ცოტა“, - აცხადებს ალექსი ნონიაძე
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან რეექსპორტზე სულ გავიდა 51 011 მსუბუქი ავტომობილი, შემოსავალმა კი 990,864 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან, რუსეთში გავიდა 3 786 ერთეული, 52,513 მლნ დოლარის ღირებულების, ბელარუსში კი 129 ერთეული, 2,452 მლნ დოლარის ღირებულების. საშუალოდ, ერთი ავტომობილის ღირებულება რუსეთში ექსპორტის შემთხვევაში შეადგენს 13 900 დოლარის, ბელარუსში კი 19 000 დოლარს.