მაისის შუა რიცხვებში სურამში დამტვერვის სეზონი იწყება, როგორია მიმდინარე წელს სეზონზე მოთხოვნა და საშუალოდ რა ჯდება კურორტზე ერთი ღამით ოთახის დაქირავება, ამ თემაზე „კომერსანტი“ ადგილობრივი საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს გაესაუბრა.
ბინების გაქირავების საიტების მონაცემებით სურამში, კერძო სახლში ერთი ოთახის დაქირავების ღირებულება 40 ლარიდან იწყება და ადგილმდებარეობის და პირობების მიხედვით იცვლება, „კომერსანტთან“ ერთ-ერთი მეპატრონე აცხადებს, რომ მისი სახლი, რომელიც 3 ოთახისგან შედგება დღიურად 70 ლარი ღირს, თუმცა მისივე თქმით, ამ ეტაპზე დამსვენებელი არ ჰყავს, რადგან მომხმარებლებს სურამისთვის აღნიშნული ფასი მაინც ეძვირებათ და ზღვაზე დასვენება ურჩევნიათ.
„ჯერჯერობით ჯავშნები არ მაქვს და დიდი მოთხოვნა არაა, დამტვერვის სეზონი წესით ათი მაისიდან იწყება, თუმცა მთელი სამი კვირა წვიმები იყო. წელს მე სამოთახიან ბინას 70 ლარად ვაქირავებ, თუმცა 20 ლარადაც რომ გააქირაო ხალხს ეძვირება. არ იხდიან, ზღვაზე გადაიხდიან უპრობლემოდ და სურამში არ იხდიან. ჩემი ბინა ცენტრშია, რუსიას ქუჩაზე.“ - აცხადებს მეპატრონე.
„სურამი სავანაში “ორ სართულიანი ხის კოტეჯების ფასი სურამში 150 ლარიდან იწყება და 200 ლარს აჭარბებს. როგორც „სურამი სავანას“ მეპატრონემ სოსო გელაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, მის კოტეჯებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და მთელი წელი სრული დატვირთვით მუშაობს. მისი თქმით, 200 სართულიან კოტეჯს ქართველ მომხმარებელზე დღიურად 200 ლარად აქირავებს, თუმცა უცხოელებისთვის ეს ფასი 300 ლარს შეადგენს, რადგან განცხადებას booking.com-ზე აქვეყნებს და booking-ს საკმაოდ მაღალი საკომისიო აქვს.
„მოთხოვნა კარგი მაქვს, მთელი სეზონი დატვირთულია, ზამთარში უცხოელებიც მყავდა, ზაფხულში ძირითადად ქართველებზე ვმუშაობ, დამტვერვის სეზონი ახლა დაიწყო, მაგრამ სამი კვირაა გადაბმულად წვიმს და ხალხი იკავებს თავს. ახლა ძალიან ცოტა დამსვენებელი მყავს, აპრილში სულ 4 დღე ვიმუშავე, დაბადების დღის აღსანიშნავად ან ბანკეტისთვის თუ ამოვლენ 1 ღამით, თუმცა დატვირთულ ზაფხულს ველოდები, ჩემ გარშემო ყველაფერი კარგად ქირავდება, ისეთ ადგილას მაქვს კოტეჯები, გარშემო სულ ტყეა.
უცხოელები თითქმის ყველა ქვეყნიდან მყავს პერიოდულად, სურამში რომ მოხვდებიან მოდიან ხოლმე, მყავდნენ ამერიკელებიც, ინდოელებიც. Booking.com-ზე რომ შეამოწმოთ, კომენტარებში ნახავთ რომ ძალიან ბევრი ქვეყნის მოქალაქეები აქტიურობენ.
ამ ეტაპზე სამი კოტეჯი და ერთი სახლი მაქვს, მეოთხეც მალე დაემატება, მშენებლობა უკვე დასრულებული მაქვს და შიდა რემონტზე ვარ გადასული.“ - აღნიშნა სოსო გელაშვილმა.
„ნინიკას კოტეჯებში“, რომელიც წელს გაიხსნა და ამ ეტაპზე მხოლოდ სამი კოტეჯი აქვს, მომხმარებელს დასვენებას 160 ლარად სთავაზობს.
„მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ჯავშნები გვაქვს, ახლა წვიმებმა შეგვიშალა ხელი, მაგრამ მაინც მოგვმართავენ დამსვენებლები, ძირითადად ქართველი მომხმარებელი გვყავს ჯერჯერობით, თუმცა ეს ჩვენთვის პირველი სეზონია და ველოდებით რომ მოთხოვნა გაიზრდება“ - აცხადებენ „ნინიკას კოტეჯებში“.