სტარტაპი Bitefolio, რომელიც კულინარიულ სეგმენტსა და დასაქმების სფეროს ერთმანეთს დააკავშირებს ბაზარზე 2025 წელს, ეტაპობრივად გამოჩნდება და გვაქვს მოლოდინი, რომ პირველი 6 თვეში მივაღწევთ მინიმუმ 10,000 აქტიურ მომხმარებელს, - ამის შესახებ სტარტაპის დამფუძნებელმა ანა სურმანიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ინტერესი და გამოხმაურება სტარტაპის ირგვლივ ძალიან მაღალია.
"ბაიტფოლიო" (Bitefolio) სტარტაპ აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს კულინარიულ სეგმენტსა და დასაქმების სფეროს. "ბაიტფოლიო" (BIteFolio)-ს მიზანია რევოლუცია მოახდინოს კულინარიულ სფეროში, დინამიური პლატფორმის უზრუნველყოფით, რომელიც ყველა დონის კულინარიის მოყვარულს აკავშირებს. ეს არის სივრცე, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი კულინარიული ტალანტი წარმოაჩინონ, კონტაქტები დაამყარონ და თავიანთი გატაცება კარიერად აქციონ. პროექტის მიზანია სამზარეულო ხელმისაწვდომი, სასიამოვნო და მუდმივად ინოვაციური გახადოს.
ინოვაციური პლატფორმა, აერთიანებს კულინარიულ ენთუზიასტებს, პროფესიონალებსა და რეკრუიტერებს. პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება რეცეპტებისა/ტალანტების აღმოჩენა/გაზიარება, პერსონალური კულინარიული პორტფოლიოს შექმნა და შესაბამისად დამსაქმებლისა თუ მომავალი დასაქმებულის საწყისი საკომუნიკაციო არხის უზრუნველყოფა.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, აპლიკაციის შესაძლებლობები მეტად ფართოა, შესაბამისად საშუალებას გვაძლევს მივიღოთ პერსონიზირებული რჩევები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა - დღის რაციონი, დიეტა თუ რეცეპტი.
პლატფორმის MVP ამჟამად განვითარების ფაზაშია. უკვე გავლილი გვაქვს იდეის ვალიდაცია, ჩატარებულია კვლევები, ჩართული გვყავს სამიზნე აუდიტორია და აქტიურად ვმუშაობთ GITA-ს გრანტის დახმარებით პროდუქტის გაშვებაზე. "ბაიტფოლიო" (Bitefolio) ჯერ ოფიციალურად არ გაშვებულა, მაგრამ წინასწარი კვლევები ჩატარდა და მომხმარებელთა ბაზა, რომლებსაც პლატფორმის მიმართ ინტერესი უკვე აქვთ, შექმნილია.
ჩვენი მომხმარებლები არიან: ახალგაზრდა კულინარიული ენთუზიასტები, სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ კულინარიას, მზარეულები, რომლებსაც სურთ კარიერული განვითარება, პროფესიონალები, რომლებსაც სურვილი აქვთ კრეატიულ ადამიანებთან თანამშრომლობისთვის და ადამიანები, რომლებიც უბრალოდ გატაცებული არიან გემრიელი კერძებით.
ამჟამად ვმუშაობთ აპლიკაციის MVP ვერსიის დასრულებასა და პირველი მომხმარებლების ჩართულობაზე. ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ პლატფორმა, რომელიც იქნება კულინარიული ტალანტების განვითარებისა და დაკავშირების ადგილი", - აცხადებს ანა სურმანიძე.
სტარტაპის დამფუძნებლის ცნობით, სამომავლოდ "ბაიტფოლიო" გაფართოებას და რეგიონიდან მსოფლიოს კულინარიულ სფეროში გასვლას გეგმავს.
ცნობისთვის, სტარტაპი GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულია.