,,საქართველოში 100-ზე მეტი ინტერნეტ პროვაიდერია და მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის შეზღუდულია წვდომა საერთაშორისო ინტერნეტ კონტენტზე გლობალურ პროვაიდერებთან. კონტენტის ისეთი ცნობილი მომწოდებლები, დიდი მოთამაშეები, მაგალითად: „გუგლი“, „ფეისბუკი“, „ამაზონი“, მათი სერვერები, სადაც მონაცემთა ბაზებია განთავსებული, საქართველოში არის დიდი მოთამაშეების ფიზიკური ინფრასტრუქტურის ქვეშ და არ არის განთავსებული ნეიტრალურ ადგილას და მცირე და საშუალო ოპერატორებს, რომლებმაც უნდა შექმნან სწორედ კონკურენტული შეთავაზებები მოსახლეობისთვის, წვდომა შეზღუდული აქვთ,- ამის შესახებ ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმნაძემ რადიო "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, „სტარლინკის“ ფასი ფიზიკური მომხმარებლისთვის მაღალია, თუმცა კომპანია ამის შემცირებაზე აქტიურად მუშაობს.
,,ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით „სტარლინკი“ დღემდე აქტიურად მუშაობს ჩვენთან. მათი ფასი ფიზიკური მომხმარებლისთვის საკმაოდ მაღალია და ეს თვითონაც კარგად იციან. მათ შორის, ძვირია მოწყობილობაც, თუმცა, გვეუბნებიან, რომ აქტიურად მუშაობენ საფასურის შემცირებაზე. როგორც ცნობილია, „სტარლინკი“ გარკვეულ ურთიერთჩანაცვლებაზე მუშაობს, რომ სამომავლოდ მობილური ტელეფონით შევძლოთ სატელიტური ინტერნეტის მიღება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს გახსნილი სამუშაო რეჟიმი, ძალიან გასაგები და გამჭვირვალე სარეგულაციო გარემო, „სტარლინკის“ პროგრამა ჩვენთან ამ ინოვაციურ მოდელებზეც მუშაობს.
ჰქონდათ დაპირება, რომ ახალი მოწყობილობები და უფრო იაფი შეთავაზებები 2025 წელს უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი და იმედი გვაქვს, ეს დანაპირები შესრულდება",- აღნიშნა ComCom-ის წევრმა, ეკატერინე იმნაძემ რადიო "კომერსანტის" ეთერში.