„უკრვინპრომმა“ აგრესორ რუსეთთან საქართველოსა და სომხეთის ლმობიერი პოლიტიკის გამო, ამ ქვეყნებში წარმოებულ ღვინოზე გადასახადის დაწესება მოითხოვა და ამ მოთხოვნით უკრაინის პრემიერის მიმართა. რა პოზიცია აქვთ ამ საკითხზე ქართველ მეღვინეებს, ამასთან დაკავშირებით, „კომერსანტი“ იმ კომპანიებს დაუკავშირდა, რომლებსაც ღვინო უკრაინაში გააქვთ, მათ შორისაა „თელავის ღვინის მარანი“ და „თბილღვინო“.

„თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი ამბობს, რომ ეს არის უკრაინის მხრიდან საქართველოს მიმართ ხელოვნური წინააღმდეგობა და გადაწყვეტილება პროდუქციას გააძვირებს.

„თუ ეს მართლა ასეა, ეს არის ხელოვნური წინააღმდეგობა საქართველოს მიმართ. მე პირადად საქართველოს საგარეო პოლიტიკას სრულად ვემხრობი, იმიტომ რომ შეწონილი პოლიტიკაა და თუ ვინმეს არ მოსწონს, ეს მათი პრობლემაა, ქართული პოლიტიკა ასეთია.  პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან, რატომ უნდა იყოს ეკონომიკა მიბმული, ჩემთვის გაუგებარია.

უკრაინაში ამ ეტაპზე ომის გამო ექსპორტი შემცირებულია, ფაქტობრივად მესამედია იმისა, რასაც ომამდე უკრაინაში ვყიდდით, ძალიან ცუდია ასეთი მიმართვა, ჩვენ, მეღვინეებს პროფესიული ურთიერთობა უნდა გვქონდეს და არა პოლიტიკური,“ -  აღნიშნა ზურაბ რამაზაშვილმა.

„უკრვინპრომის“ მოთხოვნას უარყოფითად აფასებს „თბილღვინოს“ დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილიც. მისი თქმით, მსგავსი გადასახადების დაწესება კონკურენტუნარიანობაზე დადებითად არ აისახება და პროდუქციასაც გააძვირებს.

რა ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ მეღვინეებს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ხელისუფლებამ „უკრვინპრომის“ მოთხოვნა დააკმაყოფილა, დეტალების გარკვევამდე ამასთან დაკავშირებით საუბრისგან კომპანიის წარმომადგენლები თავს იკავებენ.