კომუნიკაციების კომისიის მიერ დასრულდა საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი, რომელიც საკომუნიკაციო ფიზიკური ინფრასტრუქტურის ბაზრების ანალიზს მოიცავდა.
კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებმა, ComCom-ის გუნდთან ერთად დაადგინეს, რომ ფიზიკური ინფრასტრუქტურის ბაზარზე, კერძოდ, საკომუნიკაციო/საკანალიზაციო არხებთან დაშვების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს „სილქნეტი“ წარმოადგენს.
გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნულ ბაზრებზე არსებული მარეგულირებელი ჩარჩო საკმარისი არაა და კონკურენციის განვითარებისთვის საჭიროა დამატებითი რეგულაციები, რაც ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომი არჩევანის ზრდას, ინფრასტრუქტურაზე თანაბარ დაშვებასა და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურებების ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს. კვლევის მეორე ეტაპზე ფიზიკური ინფრასტრუქტურის ბაზრის კვლევა ორი ცალკეული ბაზრის სეგმენტის - საკომუნიკაციო/საკანალიზაციო არხებზე დაშვებისა და ბოძებზე დაშვების შეფასებას მოიცავდა. კვლევამ აჩვენა, რომ საკომუნიკაციო/საკანალიზაციო არხებზე დაშვების ბაზარზე „სილქნეტი“ პოტენციურად გამოყენებადი ინფრასტრუქტურის დაახლოებით 70%-ს ფლობს.
ანალიზი 5 დიდი ქალაქის - თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის და ასევე საქართველოს სხვა ტერიტორიების მიხედვით განხორციელდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ „სილქნეტს“ ყველა მათგანში დომინანტური პოზიცია უკავია. საკომუნიკაციო ბოძებზე დაშვების ბაზარი კი კონკურენტულად იქნა მიჩნეული, გამომდინარე ბაზარზე არსებული მოცემულობის ანალიზიდან და იმ გარემოების გამო, რომ ელექტრო და გარე განათების ბოძებზე დაშვება ინფრასტრუქტურასთან დაშვების შესახებ საქართველოს კანონითაც რეგულირდება.
საკომუნიკაციო/საკანალიზაციო არხებზე დაშვების საბითუმო ბაზრებზე ფიქსირდება კონკურენციის ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორებიცაა ბაზარზე შესვლის მაღალი ბარიერები, კონკურენციის ნაკლებობა, ინფრასტრუქტურის დომინანტი მესაკუთრის პოზიციის გაძლიერება და არსებული რეგულაციების ნაკლებ ეფექტიანობა. ევროკავშირის ექსპერტებმა ბაზრის ეფექტიანი რეგულირების მიზნით, კომუნიკაციების კომისიას სამოქმედო რეკომენდაციები მისცეს, რომლებიც გამჭვირვალობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებებს, ასევე, დაშვების პროცედურის სტანდარტიზაციასა და ComCom-ის მხრიდან დაშვების პროცესის მონიტორინგის საშუალებას და საფასო რეგულაციებს ითვალისწინებს.
აღნიშნული მექანიზმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაა, რაც სამართლიანი, კონკურენტული და პროგნოზირებადი გარემოს შექმნას, ხარისხიანი მომსახურებების ხელმისაწვდომობის ზრდას და ქვეყნის ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპის ეს შედეგები ევროკავშირის ექსპერტებმა კომუნიკაციების კომისიის გუნდთან ერთად, ტელეკომ ოპერატორების წარმომადგენლებს გააცნეს. შეხვედრები ასევე მარჟის შეკუმშვის ტესტის მეთოდოლოგიისა და მოდელის შემუშავების საკითხს, განცალკევებული აღრიცხვის დადგენილების ცვლილების პროექტისა და კორპორატიული ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებების საცალო ბაზრის ანალიზის განხილვას მიეძღვნა. კომპანიებისგან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, კომუნიკაციების კომისია საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპი 2024 წელს დასრულდა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ როგორც ფიქსირებული, ისე მობილური კომუნიკაციების ბაზარი იყო არაკონკურენტული და განიცდიდა სტაგნაციას და საბითუმო დაშვების შესაბამის ორივე ბაზარზე „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს წარმოადგენდა, რის გამოც ComCom-მა კომპანიას დამატებითი ვალდებულებები დააკისრა. ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევა კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელს ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად დაიწყო, რომელიც ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობას, მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება.
ინფორმაციას ComCom ავრცელებს.