ბაღდათის რაიონში მდებარე ,,შატო ვარციხე“ ზაფხულიდან სტუმრებს ახალ მომსახურებას შესთავაზებს. პროექტის განვითარების ახალი ეტაპი უკვე დაწყებულია და სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შატოს ტერიტორიაზე მალე ამფითეატრის სტილში მოწყობილი სადღესასწაულო ცენტრი გაიხსნება. ,,შატო ვარციხეს“ დამფუძნებელი დავით ცერცვაძე ,,კომერსანტთან’’ პროექტის დეტალებსა და იმ სერვისზე საუბრობს, რასაც ისინი დამსვენებლებს ივნისის თვიდან შესთავაზებენ.
,,დაწყებული გვაქვს სადღესასწაულო ცენტრის მშენებლობა. აქტიურად მიდის პროცესი. უნივერსალური ცენტრი იქნება, საკონცერტო და სადღესასწაულო. სტუმრებს მივიღებთ ივნისიდან. ეს იქნება ნახევრად ღია, გადახურული შენობა. არის ამფითეატრის სტილის, სადაც დაახლოებით 300-დან 700 კაცამდე დაეტევა. გააჩნია რა სტილის საღამო დაიგეგმება. გეგმა არის, რომ მოეწყოს საღამოები როგორც მუსიკალური, ასევე სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.’’- აცხადებს დავით ცერცვაძე.
სადღესასწაულო ცენტრი ერთადერთი სიახლე არ არის. გაფართოების გეგმა 4 სახლის დამატებასაც ითვალისწინებს. შატოს სოფლის დასახლებისთვის დამახასიათებელი სახე მიეცემა. საცხოვრებელი სახლები წინამორბედი კოტეჯებისგან განსხვავებულია. ეს უფრო ტევადი და მაღალი კლასის შენობები იქნება.
,,ზაფხულამდე 3-4-ს დავამატებთ. ივნისამდე დავასრულებთ. ერთი დავიწყეთ უკვე და დაახლოებით 4 სახლი დაემატება. ჯამში იქნება 24 კოტეჯი. ვაკეთებთ უფრო დიდ სახლებს. საცხოვრებელი სახლებია ფაქტობრივად. უფრო სოფლის დასახლების სტილში ვავითარებთ. ერთად კონცენტრირებული არ იქნება. გარშემო ვამატებთ სახლებს. ეს სახლები იქნება განსხვავებული, უფრო დიდი, უფრო ტევადი და პრემიუმ კლასის იქნება.’’- აცხადებს დავით ცერცვაძე.
,,შატო ვარციხეში” ბაღდათის რაიონში, ავტობანიდან 8 წუთის სავალზე მდებარეობს. ის ტყის კოტეჯებს, სასტუმროს ტერასით და მარანს აერთიანებს, სადაც სტუმარს ადგილზე წარმოებული ღვინის შეძენა შეუძლია.