კახეთში მდებარე შატო „თეთრი ბაირაღები“ 2.5 მლნ დოლარად იყიდება. უძრავი ქონება ორ სასტუმროს შენობას, რესტორანს, მარანს და სხვა სივრცეებს მოიცავს, რომელიც 1000 კვ.მ.-ს შეადგენს, ეზოს ფართი კი 4000 კვ.მ-ია.
უძრავი ქონება გასაყიდად „მეგს ბიზნეს ჯგუფის“ ვებგვერდზეა გამოტანილი, სადაც ნათქვამია, რომ სასტუმროს აქვს 14 ნომერი, რომელიც ერთდროულ რეჟიმში იღებს 35 პერსონას, რესტორანი კი შიდა და გარე პერიმეტრზე მასპინძლობს 100 მომხმარებელს.
„შენობის საერთო ფართობი: 1000მ2. რაც მოიცავს სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს: ორი სასტუმროს შენობა, რესტორანი, სამზარეულო, მარანი, საუნა, არყის გამოსახდელი ნახევრად ღია ტიპის შენობა, თავისი ბუხრითა და თონით, ფანჩატური, საქეიფო სივრცე, აუზი. ეზოს საერთო ფართობი: შეადგენს არასასოფლო დანიშნულების 4000მ2. მიწის ნაკვეთს, რომელიც იდეალურად არის დაგეგმარებული და გამოყოფილი ულამაზესი სივრცეებით მთელს ტერიტორიაზე, სხვადასხვა გამწვანებითა და მოპირკეთებით. გაშენებულია დეკორატიული ხე_მცენარები, ყვავილნარი, საჩვენებელი ვენახი. გაშენებულია საჩვენებელი ვენახი, 6 წლის ვაზი, რამდენიმე სახეობა: ქისი, მწვანე, რქაწითელი, ვარდისფერი რქაწითელი, ხიხვი, საფერავი. იძლევა მოსავალს 2 ტონამდე“, - ნათქვამია ქონების აღწერაში.
შპს „შატო თეთრი ბაირაღების“ დირექტორია გიორგი ლაფაური. კომპანიაში წილის მფლობელები არიან: გიორგი ლაფაური (50%), მიხეილ ლაფაური (35%) და დიანა კამკია (15%).