ტურისტული სეზონი შატილში ყოველ წელს უარესდება. ეს პროცესი პანდემიამდე დაიწყო და წელს განსაკუთრებულად იკლო დამსვენებლების რაოდენობამ, სასტუმროების უმრავლესობა თითქმის ცარიელია, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ შატილში არსებული სასტუმროს Firefly-ის დამფუძნებელი გიორგი ჭინჭარაული აცხადებს.
მისი თქმით, ამ საკითხზე საუბრები მას დუშეთის მერთანაც ჰქონდა და პრობლემის გამოსწორების გზებზეც ისაუბრეს, თუმცა შატილში სეზონი მაინც ჩავარდნის პირასაა.
„მე მქონდა ამასთან დაკავშირებით საუბრები დუშეთის მერთან და შემპირდა რომ წელს არ ჩავარდებოდა ტურისტული სეზონი, მაგრამ ჯერჯერობით ფაქტები სხვა რამეს მეტყველებს.“ - აცხადებს გიორგი ჭინჭარაული .
ჭინჭარაულის თქმით, გასულ წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა შემცირებულია. გასულ წელს, მათ ვიზიტორები დასავლეთის ქვეყნებიდან ჰყავდათ, წელს კი ძირითადი ნაწილი რუსეთის მოქალაქეები არიან.
„გასულ წელთან შედარებით გაცილებით ნაკლები ტურისტია წელს. საშუალოდ კვირაში ერთი დღე გვაქვს ჯავშანი. რუსების რაოდენობა გაიზარდა. ასევე გვყავს ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან.ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ხალხი.“ - აღნიშნა მან
სიახლეებზე საუბრისას გიორგი ჭინჭარაული ამბობს, რომ მიმდინარეობს კოშკების რეაბილიტაცია და პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად არის ჩართული, რაც მისასალმებელია. ასევე მან, რეგიონში კონკურენციაზეც ისაუბრა.
„კონკურენტად არდოტის საოჯახო სასტუმროს განვიხილავთ. ჩვენი სასტუმრო ჯერ ახალია ბაზარზე, ამიტომ ვიზიტორს ინფორმაცია არ აქვს. მაგრამ გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკონკურენტოები ვართ, რადგან ანალოგი არამარტო ხევსურეთში, ბევრ სხვა რეგიონში არ გვყავს, სასტუმრო შატილი ციხე-ქალაქში მდებარეობს, რომლის მომიჯნავედ გვაქვს კაფე ბარი, საგვარეულო კოშკის ტერასებზე, ასევე ბიბლიოთეკა.“ - ამბობს ის.
სასტუმრო FireFly ხევსურეთში, სოფელ შატილში მდებარეობს. სასტუმროში კაფე და 4 ნომერია. ორადგილიანი ნომრის ღირებულება 100-ლარიდან, ხოლო 3-ადგილიანის 150 ლარიდან იწყება.