2026 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია იკრძალება. თუმცა, როგორც დარგის წარმომადგენლები ამბობენ, პლასტმასასთან მიმართებით, ქვეყანაში პრობლემები კვლავაც არსებობს. ამასთან ერთად, კომპანიებმა, რომლებსაც ამ მიმართულებით გარკვეული საინვესტიციო გეგმები ჰქონდათ, ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას კომპანია „ტენეს“ დამფუძნებელმა სანდრო ლილუაშვილმა განმარტა, ქართულ ბაზარს კომპანია „სფარკლო“ ტოვებს.

„საქართველოში არ არის გადამამუშავებელი კომპანიები, არ არის კონკურენცია, არ არის მოთხოვნა. მეორე საკითხია ის, რომ არ არის მიღებული კანონი დეპოზიტური სისტემის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმულ წყალს ყიდულობ, როგორც ევროპის ქვეყნებშია, იხდი პირობითად 20 თეთრით მეტს. შემდეგ, როცა ამ ბოთლს სპეციალურ აპარატში მოათავსებ, რომელსაც ბოთლიყლაპიას ვუწოდებთ, ზედმეტად გადახდილ 20 თეთრს უკან გიბრუნებს.

შესაბამისად, კომპანია „სფარკლომ“, რომელმაც 100 ბოთლიყლაპია აპარატი შემოიტანა და საქართველოში 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, 3 წლის განმავლობაში წარმატებას ვერ მიაღწია და ქვეყნიდან გაკოტრებული გადის. არადა, „სფარკლო“ მსოფლიოს 10 ქვეყანაში წარმატებით მუშაობს“, - ამბობს სანდრო ლილუაშვილი.

მისივე განმარტებით, დეპოზიტური სისტემა მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაა. ევროპულმა ქვეყნებმა შეიმუშავეს სისტემა, ხელოვნურად გაეზარდათ ფასი და ბოთლისთვის დამატებითი გადასახადი დაედოთ. თუ ადამიანი უკან დააბრუნებს ბოთლს, ზედმეტად გადახდილი თანხა უკან უბრუნდება.

„იდეა მეორე მხრივაც კარგია - თუ ვიღაც პლასტმასის ბოთლს გადააგდებს, ჩააბარებს ის, ვისაც სჭირდება და დამატებით შემოსავალს მიიღებს. ამ გზით არანაირი ბოთლი აღარ ხვდება ბუნებაში. ეს არის საუკეთესო გზა და „სფარკლოს“ სურდა, ბოთლიყლაპია აპარატების მსხვილი ქართული კომპანიების ბრენდირებით განეთავსებინა, რაც მათთვის რეკლამაც იქნებოდა და რეპუტაციულ სარგებელსაც მოუტანდა, მაგრამ არც ერთი ქართული კომპანია ამ პროექტით არ დაინტერესდა“, - განაცხადა სანდრო ლილუაშვილმა.