თუ არ დამთავრდა ეს ომები და კატაკლიზმები, ცვლილებები ჩვენც აუცილებლად შეგვეხება, რადგან ვყიდულობთ უცხო ქვეყანაში და ვყიდით ჩვენთან, ვყიდულობთ დოლარში და ვყიდით ლარში, - აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას.

როგორც ვახტანგ იობაშვილი განმარტავს, მხოლოდ ირანიდან მსოფლიოს სანავთობო ბირჟებზე ნედლი ნავთობის 20-25% მიეწოდებოდა, რასაც ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტესაც თუ დავუმატებთ, მივიღებთ ძალიან დიდ მაჩვენებელს, რაც მსოფლიოს სანავთობო ბაზარს დააკლდება.

„ჩვენ კარგი გეოგრაფია გვაქვს - ზღვა, რკინიგზა, სახმელეთო საზღვრები, რაც გვიმარტივებს ყოველდღიურობას და გვაძლევს იმედს, რომ არავითარი პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა ძალიან დიდი ყურადღებით უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით, ბანკები, უნდა ვიყოთ ჩასაფრებული, რომ არ გაგვექცეს დოლარის კურსი, რადგან ეს აუცილებლად მოიტანს ფასთა სხვაობას. სულ რაღაც 2 დღეში ლარის კურსი უკვე შეიცვალა. გაუფასურების ეს მაჩვენებელი, რაც გვაქვს, ბიზნესისთვის უკვე წნეხია, თან დაემთხვა სიტუაციას, როცა მთავრობამ, საზოგადოებამ თხოვნით მიმართა მენავთობეებს, როგორმე ფასები დაწეულიყო. ვფიქრობ, თუ ომი არ დასრულდა, შემცირება კი არა, ფასების ზრდა გაგრძელდება“, - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.

მისივე თქმით, ოპეკის წევრი ქვეყნები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, გაზარდონ მოპოვების პროცენტული მონაცემები. კერძოდ, დღიური მოპოვება 206 ათასი ბარელით გაიზარდა, თუმცა, ვახტანგ იობაშვილი მიიჩნევს, რომ დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ეს საკმარისი არ არის.

„ნავთობპროდუქტებზე წინასწარმეტყველება არ არსებობს, არავინ იცის, რა იქნება ხვალ და ზეგ. ამდენად, წინსწრებით რაიმეს პროგნოზირება არასერიოზულია.

საწვავის ფასები დღეს და ხვალ არ შეიცვლება. 1 და 2 კვირიანი მარაგები ყველა კომპანიას აქვს. ყველა იმის მოლოდინშია, რა და როგორ მოხდება“, - ამბობს ვახტანგს იობაშვილი.