2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრი კომპანიების 63% აცხადებს, რომ მიმდინარე წელს მათ მიერ განხორციელებული  ინვესტიციები გასულ წელთან შედარებით გაიზრდება, 28% აცხადებს, რომ  უცვლელ დონეზე  შენარჩუნდება, ხოლო კლებას 9%  პროგნოზირებს, რას გვიჩვენებს ეს მაჩვენებელი და რა  უქმნის ბიზნესს ოპტიმისტური მოლოდინის  საფუძველს თემაზე  რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა  დირექტორმა ლევან  ვეფხვაძემ ისაუბრა. ბიზნეს გარემოში შენარჩუნებულია 2022 წლის ტენდენცია, ასევე შესაფასებელია ერთი მაჩვენებელი, რომელიც მოთხოვნას უკავშირდება.

 

 

„თუ ბოლო 2-3  წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი კოვიდის პერიოდში კომპანიებისთვის მოთხოვნა ხელის შემშლელი ფაქტორი იყო, დღეს ვხედავთ, რომ ჩვენ მიერ გამოკითხული ბიზნესის მხოლოდ 9% ამბობს, რომ მათ პროდუქციაზე და სერვისებზე მოთხოვნა არის პრობლემა, კომპანიების დაახლოებით 90% გაყიდვებს დადებითად აფასებს. შესაბამისად თუ არის გაყიდვები და ფინანსური ნაკადები, ეს იმას ნიშნავს, რომ დგება ახალი პროექტების დაწყების შესაძლებლობა და თავისთავად გამოდის, რომ უნდა დაიწყოს ინვესტიციები და დასაქმდნენ ახალი თანამშრომლები.

 

ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ეკონომიკური ზრდა, დასაქმების მაჩვენებელი გაზრდილია და ეს კორელაციაშია იმ მაჩვენებელთან, რაც ჩვენ ბიზნესიდან გამომდინარე გვაქვს, პანდემიამდელ პერიოდს, რომ შევადაროთ მე ვერ ვიტყოდი, რომ 2019 წელთან შედარებით დაბალი მაჩვენებლები გვაქვს“ -  აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

 

რაც  შეეხება ბიზნეს სექტორებს, ვეფხვაძე განმარტავს, რომ ყველაზე პოზიტიური განწყობები დაფიქსირდა მშენებლობასა და ვაჭრობაში, თუმცა მრეწველობაში ეს მონაცემი დაბალია. 

 

ვეფხვაძემ დასაქმებულების  ანაზღაურებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ დღეს ანაზღაურებაში იგივე ნიშნული არ არის, რაც 2-3 წლის წინ იყო, თუმცა კვალიფიციური კადრების მიმართულებით გამოწვევები ბიზნეს კვლავ აქვს.

 

„ჩვენ ვნახეთ ხელფასებზე 60% - იანი ზრდა. ანალოგიური მაჩვენებელია ამ კვარტალშიც, ეს მაჩვენებელი ძირითადად მერყეობს 20% - ის ფარგლებში და საერთო ჯამში, რომ შევხედოთ საცალო გაყიდვების სექტორში ბოლო ორ წელიწადში ანაზღაურება თითქმის გაორმაგებულია.

 

როდესაც  ჩვენ ბიზნესს ვეკითხებით თუ რა პრობლემების წინაშე  დგანან, ძირითად პრობლემად სამუშაო ძალის მოძიებას ასახელებენ. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა, თუ ჩვენ არ ვიფიქრეთ ინვესტირებაზე ხვალ და ზეგ შეიძლება  სამუშაო ძალის  არარსებობა ბიზნესისთვის  შემაფერხებელი გახდეს.“ -  აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.