2024-2025 წლის ზამთრის სეზონისთვის მთის კურორტები აქტიურად ემზადებიან. როგორც მთის ტრასების სააგენტოში აღნიშნეს, გუდაურსა და ბაკურიანში დამსვენებლებს სრულიად ახალი სათხილამურო არეალი დახვდებათ. გუდაურში აქტიურად მიმდინარეობს წყლისა სისტემისა და ელ.მომარაგების ძალოვანი კაბელების გაძლიერება.

აღნიშნული პრობლემები არახალია ყაზბეგისთვისაც, თუმცა ამ ეტაპზე, დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. მიმდინარე თვეს კი წყლის მიწოდება ერთ კვირაზე დიდი ხნით იყო შეწყვეტილი.

ყაზბეგში მდებარე სასტუმრო Step Inn Kazbegi-ის დამფუძნებელი, ანი ალიბეგაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ რეგიონში ინფრასტრუქტურული პრობლემების მთელი წყებაა. მათ შორის ისეთი გადაუდებელი აუცილებლობის, როგორიც ელექტრო ენერგიის, წყლისა და ინტერნეტის მიწოდებაა, რაც შემდგომ ვიზიტორებს, განსაკუთრებით კი უცხოელ სტუმრებს, დიდ ფინანსურ ზარალად უჯდებათ.

„ინფრასტრუქტურულად, საქართველოში ზამთრის კურორტები ძალიან მოუწესრიგებელია: წყლის პრობლემა, გზის პრობლემა, ზვავსაშიში ტერიტორიები, სადაც ხშირად ზვავის ჩამოწოლის შემდეგ ტერიტორიები დროულად არ იწმინდება; ინტენსიურ თოვასთან ერთად არ შეიძლება ამ სამუშაოების ჩატარება და როცა თოვა გადაიღებს, უფრო მეტი დრო იხარჯება. ეს პრობლემები ხშირად სტუმრებს დისკომფორტს უქმნის, უწევთ განსაზღვრულზე მეტი დროით დარჩნენ, ავიაბილეთების გადაცვლა საკმაოდ დიდი ხარჯია.

ყაზბეგის შემთხვევაში პრობლემაა ტრაილერების მასობრივი გადაადგილებები. მოყინულ გზებზე იქმნება საავარიო სიტუაციები, რაც გზის კოლაფსს იწვევს.

 ყაზბეგში ისევ აქტუალურია წყლის პრობლემა. თვის განმავლობაში წყალი რაიონს 10-15 დღით მიეწოდება. სასტუმროების უმეტესობას წლის რეზერვუარები აქვთ, თუმცა მათი შევსება ძალიან დიდ შრომასთანაა დაკავშირებული, იმ ყინვების და სიცივის გათვალისწინებით, რაც მაღალმთიანი რეგიონებისთვისაა დამახასიათებელი. დიდთოვლობას თან ახლავს ინტერნეტის ხაზის დაკარგვა, ელექტროენერგიის გათიშვა, ცენტრალური დაზიანებები, რომელიც, რა თქმა უნდა, კლიმატის გამოა გამოწვეული, თუმცა როცა ერთი პრობლემა მეორეს ემატება, ამ დროს ტექნიკურ სამსახურსაც უჭირს მუშაობა- რაღაც მოჯადოებული წრედი იკვრება ხოლმე“,- თქვა ანი ალიბეგაშვილმა.