საქართველოში წარმოებული „სანდორა“ მთელ კავკასიაში გაიყიდება. ამის შესახებ „კომერსანტს“ „სანდორას“ კავკასიის რეგიონის ბრენდ მენეჯერმა გიორგი მაისურაძემ განუცხადა.
„ქართული „სანდორა“ კავკასიის მთლიან რეგიონში განაწილდება. შესაბამისად, სომხეთსა და აზერბაიჯანში მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შეიძინონ ჩვენთან წარმოებული პროდუქცია“, - აღნიშნა გიორგი მაისურაძემ.
მისი თქმით, წარმოების ნაბეღლავში გადმოტანა 1-წლიანი მუშაობის შედეგად წარმატებით განხორციელდა, რაც მწარმოებელი კომპანიის დიდმა გამოცდილებამ განაპირობა.
როგორც მან აღნიშნა, კომპანია მუშაობს იმაზე, რომ წარმოებაში ქართული ნედლეული გამოიყენოს.
ინფორმაციისთვის, კომპანია PepsiCo-მ „სანდორას“ წარმოება საქართველოში, კერძოდ ნაბეღლავში სრულად გადმოიტანა. ბრენდის პროდუქტის წარმოება პარტნიორი კომპანიის - ხარისხის მაღალი სტანდარტებით ცნობილ JSC Healthy Water-ის - საწარმოში მოხდება.