საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ BAG ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ბიზნეს ჯგუფებში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრის და საინვესტიციო გარემოს შესახებ.
2025 წლის პირველი კვარტალის გამოკითხვა ჩატარდა 17 თებერვალი - 5 მარტის პერიოდში. გამოკითხვის შედეგად, კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მოლოდინები დადებითად შეაფასეს.
"2025 წლის პირველ კვარტალში 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 3,3 ქულით შემცირდა, თუმცა მომავალი 6 თვის მოლოდინები გაუმჯობესებულია 9,6 ქულით, აღნიშნული პოზიტიური დინამიკის მაჩვენებელია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ შევადარებთ მიმდინარე წლის პირველ კვარტალს გასული წლის პირველ კვარტალს ბიზნესის მომავალი 6 თვის მოლოდინები გაუმჯობესებულია ვაჭრობის, მომსახურების და მშენებლობის სექტორებში და ოდნავ შემცირებულია მრეწველობის სექტორში და შესაბამისად ამ ნაწილშიც დადებითი დინამიკა გამოვლინდა.
2025 წლის I კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია და 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით, მაჩვენებელი გაუარესდა ყველა სექტორში გარდა ვაჭრობის სექტორისა.
2025 წლის I კვარტალში, 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუარესდა მრეწველობის სექტორში 19.5 ქულით, ვაჭრობის სექტორში - 15.7 ქულით, მომსახურების სექტორში - 14.1 ქულით, ხოლო მშენებლობის სექტორში - 1.7 ქულით. რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, მოლოდინების შეფასება გაუმჯობესდა ვაჭრობის სექტორში 21.1 ქულით, მომსახურების სექტორში - 10.8 ქულით და
მშენებლობის სექტორში - 2.5 ქულით, ხოლო გაუარესდა მრეწველობის სექტორში 13.8 ქულით.
2025 წლის I კვარტალში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე მაღალი შეფასება მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - ვაჭრობის სექტორში. თუმცა, ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა ყველაზე პოზიტიური ბიზნესის მოლოდინი, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოზიტიური მშენებლობის სექტორში.
2025 წლის I კვარტალში, 2024 წლის I კვარტალთან შედარებით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გაუარესებულია ყველა სექტორში. კერძოდ, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი მშენებლობის სექტორში 34.2 ქულით გაუარესდა, ვაჭრობის სექტორში 22.0 ქულით, მრეწველობის სექტორში 15.8 ქულით, ხოლო მომსახურების სექტორში 3.9 ქულით. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის სექტორში მაჩვენებლის კლება ძირითადად ბიზნესის მოლოდინების (-46.7 ქულა), ხოლო ვაჭრობის სექტორში - ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის (-35.9 ქულა) შეფასების გაუარესებას უკავშირდება.
ცნობისთვის, BAG ინდექსი PMC კვლევითი ცენტრისა და IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 2019 წლიდან ყოველკვარტალურად აქვეყნებს.