მსოფლიო მასშტაბით ბიო მიმართულებით პროდუქციის წარმოება ტენდენციური გახდა. როგორც "მარანი გელოვანის" დამფუძნებელი აკაკი გელოვანი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, საქართველო 10-15 წლის შემდეგ, როგორც ღვინის, ასევე ნებისმიერი პროდუქტის მიმართულებით, "მწვანე ზონა" უნდა გახდეს.
მისივე თქმით, ქვეყანაში ბიო ღვინის მწარმოებლები ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან, თუმცა აღნიშნული ხაზის განვითარება "გადარჩენისთვის" აუცილებელია.
"პატარა ქვეყანა ვართ და საბოლოო ჯამში, 10-15 წლის შემდეგ "მწვანე ზონა" უნდა გავხდეთ. ვისურვებდი რომ ნებისმიერი პროდუქტი ბიო მიმართულებით ვაწარმოოთ. ნატურალური პროდუქტის წარმოებაზე გადასვლის გამოცდილება უკვე არსებობს, მაგალითად, შვეიცარია. ზოგადად, ბევრი ქვეყანა აღნიშნული ხაზით მიდის. ეს ყველაფერი იმისთვისაა აუცილებელი, რომ გადავრჩეთ - ქვეყნის მასშტაბით გამონაბოლქვი მეტია, არაჯანსაღი გარემოა... დაახლოებით, 10 წელში პრობლემურ საკითხზე ფიქრი მოგვიწევს და ჯობს მზადება ახლავე დავიწყოთ. კონკრეტული გეგმა უნდა შევიმუშაოთ, რომ ბუნებრივ ფესვებს დავუბრუნდეთ.
თავად მეღვინე გახლავართ. პირობითად წარმოიდგინეთ: კახეთში ხართ და შენი მომიჯნავე ვენახის მფლობელი (მეღვინე) შხამქიმიკატებს გამოაფრქვევს ეს ყველაფერი სად წავა?! ისევ შენს ვენახში მოდის... ანუ თავს ვერ იცავ! ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში რა შხამიც შემოვიდა მისი გაფრქვევის შემდეგ მიწას დაახლოებით 50 წელი სჭირდება, რომ პირვანდელი სახე, მდგომარეობა დაიბრუნოს. უკან ვართ დახეული, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ. პატარა მარნის წარმომადგენლები ხშირად ერთმანეთს ვეუბნებით, რომ ბიო მიმართულების განვითარებისთვის უნდა ვიბრძოლოთ", - აცხადებს აკაკი გელოვანი.
შეგახსენებთ, რომ "მარანი გელოვანი" თბილისიდან 25კმ-ში, სოფელ ქვემო წყლულეთში, მდებარეობს და კახური ჯიშის ბიო ღვინოს ამზადებს. ასორტიმენტში შედის: "რქაწითელი", "კახურ მწვანე", "ქისი" და "საფერავი". ექსპორტზე კი 2017 წლიდან გადის. საექსპორტო ქვეყნებია - იაპონია, აშშ, გერმანია, პოლონეთი, ავსტრია, საფრანგეთი და შვეიცარია.
ამასთან, ბიო მიმართულებით ღვინის წარმოების მნიშვნელობაზე მსგავსი მოსაზრება ბევრ მეღვინეს აქვს. მაგალითად, როგორც "ბიზნესპარტნიორს" "ელიბოს მარნის" დამფუძნებელმა შალვა ხუციშვილმა აცნობა, ტურისტულმა ობიექტმა წლევანდელი წლიდან ვაზის მოვლა ბიო მიმართულებით უნდა დაიწყოს.
"პატარა მარნები ძირითადად ხარისხზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი", - აღნიშნავს შალვა ხუციშვილი.
ასევე, ახალუბანში თბილისიდან 20 კილომეტრში მდებარე მეღვინეობა "ვილა მოსავალის" გენერალური მენეჯერის ნიკოლოზ შეყრილაძის ინფორმაციით, ღვინის სექტორში ბიო მევენახეობის მიმართულებით ცნობიერება ამაღლდა.
როგორც ნიკოლოზ შეყრილაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ბიო მევენახეობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით აქტუალური საკითხია.