2024 წელი ნამდვილად დადებითად შეიძლება შეფასდეს. რეკორდული იყო ის მაჩვენებლები, რომლებიც ჩვენ როგორც ტურისტის რაოდენობის, ისე შემოსავლების თვალსაზრისით გვქონდა, - ამის შესახებ "რესტორატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე შეფასებით, 2024 წელი პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებლებს თითქმის გაუთანაბრდა.

"რეკორდული წელი იყო ყველა მაჩვენებლით, თუმცა სამასპინძლო სექტორში სესხებთან დაკავშირებული პრობლემები, ვადაგადაცილება დაკავშირებულია ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში გარკვეულ ჩავარდნასთან, რაც ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია. სამწუხაროდ, ჩვენთან ბიზნესი გრძელვადიან პერიოდზე გათვლას არ აკეთებს და არ აქვს შენახული მარაგი. როდესაც საზოგადოება დაძაბულ ვითარებაშია, სარესტორნო სფერო მომხმარებლისთვის მიმზიდველი აღარ არის. დღეს ძალიან რთული რეალობა გვაქვს. როდესაც ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება ნებისმიერ წარმატებულ თუ წარუმატებელ ვითარებაზე ის არის პასუხისმგებელი, რადგან ყველაზე მეტი ბერკეტი გააჩნია. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მე დეესკალაციის პროცესს ხელისუფლებისგან ველოდები.

ქვეყანაში ყველა ტურისტი მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსი ტურისტი იქნება ეს თუ დასავლელი,  განსხვავება ძალიან დიდია. ჩვენი სფერო გაიზარდა იმ მოთხოვნილებებით, რაც დასავლეთიდან ჩამოსულ ტურისტს ჰქონდა. შესაბამისად, მეტი ინვესტიცია და მეტი ქმედება დასავლეთისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან ეს ტურისტი უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე სხვა. ჩვენ ზამთრის სეზონზე ველოდებოდით ტურისტებს დასავლეთიდან, ისრაელიდან და ეს ტურისტი თუ არ ჩამოვიდა, სეზონი ძალიან რთულად წარიმართება. პარტნიორ ქვეყნად გვთვლიდნენ და თუ ეს რადიკალურად შეიცვალა და ამაზე არ იმუშავა ხელისუფლებამ, მაშინ დავსხდებით და ვისაუბრებთ მხოლოდ იმაზე, თუ რა კარგი იყო 2024 წელი. მე მაინტერესებს პასუხი ამ მდგომარეობაში როგორ მოქმედებს სახელმწიფო", - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

bp.ge