„ბააკას“ ვერცხლის სამკაული ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. თანამედროვე, სადა და დახვეწილი დიზაინის ბეჭდებს, საყურეებსა და გულსაბნევებს თინეიჯერებიდან დაწყებული, შუახნის და კიდევ უფროსი ასაკის ქალებიც სიამოვნებით ატარებენ. ბოლო დროს მომხვდა კიდევ თვალში „ბააკას“ სლოგანი - „სამკაული ყველა ასაკისთვის!“
გულწრფელად რომ ვთქვა, ამ სტატიის დაწერა „ბააკას“ ძალიან სიმპათიურმა შუახნის მოდელმა გადამაწყვეტინა, ქალბატონმა თანამედროვე და გემოვნებიანი მაკიაჟითა და სტილით, რომელმაც თავისი შარმითა და ქალური სინაზით ყველა სხვა მოდელი დაჩრდილა.

როგორც „ბააკას“ დამფუძნებელი სოფო ბააკაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, სამკაულს ასაკი არ აქვს და ზოგადად ასაკი არაფერს ნიშნავს.
„სხვა კომპანიების მსგავსად, ჩვენც არაერთხელ გვყოლია შედარებით ახალგაზრდა ასაკის მოდელები. ვფიქრობ, რომ სამკაულს ასაკი არ აქვს და ზოგადად ასაკი არაფერს ნიშნავს. სწორედ ამიტომ გადავიღეთ ლილი ახალ კოლექციაში, რასაც საოცრად კარგი, სითბოთი და პოზიტივით სავსე გამოხმაურება მოჰყვა. ვფიქრობ, რომ ჩემი და ჩემი თანამშრომლების შექმნილი სამკაული ყველასთვისაა“, - აცხადებს სოფო ბააკაშვილი.
„ბააკას“ ვერცხლის სამკაულში გამოყენებულია ფირუზის, მარგალიტის ქვები, ასევე ზღვის შუშა და სხვა მასალები. მათ სამკაულს ძალიან უხდება კერამიკა და კრისტალებიც.
„ბააკას ვერცხლის სამკაული იქმნება ხელით. გარდა ვერცხლისა ვიყენებ, კატის თვლებს, ფირუზს, მარგალიტითაც გამიკეთებია საყურე, მაგრამ დამზადების პროცესში ყველაზე მეტი სიამოვნება ზღვის სანაპიროზე მოპოვებულმა შუშამ და კერამიკამ მომანიჭა, რომლისგანაც ულამაზესი და თან უნიკალური სამკაული იქმნება. ასევე მასალად გამომიყენებია ძველი ჭაღის კრისტალები და ახლა ვმუშაობ ძველ მოზაიკაზე“, - გვიყვება სოფო ბააკაშვილი.
„ბააკას“ სამკაულის ფასი 50-დან 250 ლარამდე მერყეობს. ორიგინალური დიზაინის საყურეები, გულსაბნევები, ბეჭდები, ყელსაბამები, მკლავისა და ფეხის სამკაული ხელნაკეთი ნივთების მაღაზია „8.10“-ში და Thewhynotgalerry-ში იყიდება. შაბათსა და კვირას კი „ბააკას“ სტენდს ნახავთ რუსთაველის გამზირზე „სთოლ მარკეტზე“. სოფო ბააკაშვილი სამომავლოდ „ბააკას“ პატარა სივრცის შექმნას და საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს.