სახელმძღვანელოების გამომცემლობის ბაზარი გაქრება, იმიტომ, რომ თვითონ აპირებენ დაწერას და გამოცემას, - ამის შესახებ „სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორი თინა მამულაშვილი BMG-სთან, მთავრობის იმ ინიციატივას პასუხობს, რომელიც ყველა სკოლაში ერთნაირი სახელმძღვანელოების შემოღებას ითვალისწინებს.
როგორც თინა მამულაშვილი ამბობს, გამომცემლობებმა ამ საკითხზე კომუნიკაცია განათლების მინისტრთან სცადეს, თუმცა, მათ არავინ შეხვედრია.
„განათლების მინისტრი ერთხელაც არ შეგვხვდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ვთხოვეთ გამომცემლებმა. ბოლოს წერილი ოქტომბერში გავუგზავნეთ, რომ შეგვხვედროდა და გაგვეგო, რა იგეგმება. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, გვყავს პროფესიონალი კადრები, გამოცდილი ავტორები და ჩვენც გვეთქმის ჩვენც სათქმელი ამ სფეროში, იმიტომ რომ 26 წელია, ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული ყველა ამ პროცესში. ჩვენი მიზანი იყო და ყოველთვის იქნება ჩვენი მკითხველისთვის, სკოლისთვის, მოსწავლისთვის, მასწავლებლისთვის ძალიან ხარისხიანი რესურსების შექმნა და მიწოდება.
ჩვენი განწყობა ასეთია, რომ ვითანამშრომლოთ და ვამბობთ - თუ არ მოგწონთ ეს სახელმძღვანელოები, შევიმუშავეთ კიდეც სქემა - როგორ უნდა გავაუმჯობესოთ მათი ხარისხი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩვენი მიმართვა, ჩვენი შემუშავებული რეკომენდაციები, არც კი განუხილავთ. ძალიან ბევრი მტკივნეული საკითხია. როდესაც ამხელა რეფორმას გეგმავს სახელმწიფო, თუ მას აქვს განვითარებაზე ორიენტაცია, მაშინ მართლაც უნდა დაუძახოს და დაელაპარაკოს ყველას, ვინც ამ სფეროში არის ჩართული”, - ამბობს თინა მამულაშვილი BMG-სთან.
მისივე თქმით, გამომცემლობებისთვის უცნობია, რა კონკრეტული ცვლილებები იგეგმება სასკოლო სახელმძღვანელოების ნაწილში.
„დაზუსტებით დღეს მოვისმინეთ ეს განცხადება და იყო მეხის გავარდნასავით. ძალიან ბევრი გამომცემლობა დაიხურება და გაკოტრდება. ვიცი, მაგალითად, ერთ-ერთი გამომცემლობა, რომელიც 90-იანი წლებიდან არსებობდა, ჩვენზე ადრე დაიწყო ჯერ კიდევ წიგნების გამოცემა, რომელმაც თქვა, რომ იძულებული გახდება გამომცემლობა დახუროს. გამომცემლები, ისევე როგორც ავტორები, ნამდვილად ეროვნულ საქმეს ემსახურებოდნენ ყოველთვის. ნაწილი აქამდეც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, იმიტომ რომ პირველი ტალღა, რამაც დაგვარტყა 2013 წელს იყო - მაშინ ბევრ გამომცემლობას ძალიან დიდი ფინანსური პრობლემა შეექმნა, ახლა ბევრი საერთოდ დაიხურება და ჩვენც, როგორც ვხვდები, რბილად რომ ვთქვათ, თამაშგარე მდგომარეობაში დავრჩებით“, - ამბობს თინა მამულაშვილი.
მომავალი 2-3 წლის განმავლობაში სასკოლო სახელმძღვანელოების ცვლილებას და ერთიანი სტანდარტის შემოღებას მთავრობის ზოგადი განათლების ახალი კონცეფცია ითვალისწინებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, ყველა სახელმძღვანელოს შეიცვლება და სამინისტრო აიღებს სახელმძღვანელოების დაწერის პასუხისმგებლობას.