თაღლითობა საერთაშორისო სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. კომპანიები ზარალს, სამართალდამცველები კი კრიმინალურ შემთხვევებს ითვლიან. მაგალითად, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ავტომობილების დაზღვევის მიმართულებით, ინდუსტრიისთვის მიყენებული ზარალი 1 მლრდ ფუნტს უტოლდება - მონაცემებს დიდი ბრიტანეთის დაზღვევის ბიურო აქვეყნებს. საქართველოში ეს ციფრი დადგენილი არ არის. რა ვითარებაა ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიაში და როგორ უმკლავდებიან კომპანიები თაღლითობის შემთხვევებს? – „კომერსანტი“ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საოპერაციო დირექტორს, დიმიტრი ძირტკბილაშვილს ესაუბრა.
სადაზღვევო თაღლითობა მსოფლიოში გავრცელებულია და ალბათ გამონაკლისი არც საქართველოა. როგორია ამ მიმართულებით თქვენი კომპანიის გამოცდილება, შეგიძლიათ სტატისტიკა გაგვიზიაროთ?
სადაზღვევო თაღლითობის შემთხვევები გაზრდილია ქვეყანაში და გამონაკლისი არც „ჯიპიაი ჰოლდინგია“. ჩვენივე კომპანიის მონაცემებით, 2022 წელს 50-მდე საეჭვო ფაქტი გვქონდა, 10 შემთხვევასთან დაკავშირებით ჯერ ისევ მოკვლევა მიმდინარეობს, რამდენიმე საქმე კი უკვე შესაბამის ორგანოს გადაეცა. უნდა აღინიშნოს,რომ ბევრი საეჭვო შემთხვევის დროული გამოვლენა და დანაშაულის აღკვეთა შევძელით. ახლაც ვმუშაობთ იმისთვის,რომ მექანიზმები კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ. რისკების დროული შეფასებით და თაღლითობის თავიდან აცილებით ჩვენი კეთილსინდისიერი მომხმარებლების დაცვას შევძლებთ.
როგორ ებრძვის „ჯიპიაი ჰოლდინგი“ თაღლითობას, რა მექანიზმებს იყენებთ?
„ჯიპიაი“ სადაზღვევო ბაზარზე 20 წელზე მეტია ოპერირებს. გაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ყველა მიმართულებით, მათ შორის თაღლითობასთან ბრძოლის კუთხით. რისკი ყველა საფეხურზე კონტროლდება: ანდერაიტინგის ეტაპიდან - ზარალის ანაზღაურებამდე. ექსპერტები თითოეულ შემთხვევას სწავლობენ, იძიებენ ფაქტებს და გადაწყვეტილებებს სოწრედ ამის შემდეგ იღებენ. პრევენციისთვის ვიყენებთ კომპანიის მონაცემებსაც, სადაც არაკეთილსინდისიერი მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია გროვდება. ყველა ჩვენი ნაბიჯი კანონთან სრულ შესაბამისობაშია, საჭიროების შემთხვევაში კი მივმართავთ სასამართლოს. სადაზღვევო თაღლითობის პრევენციაში მნიშვნელოვანი როლი ჩვენს თანამშრომლებს ეკისრებათ, განსაკუთრებით კი გაყიდვების მენეჯერებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები დაზღვევის გაფორმების პროცესში. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან თაღლითები სწორედ ამ ეტაპზე ცდილობენ არამართლზომიერად იმოქმედონ. ამიტომ დანერგილი გვაქვს კონტროლის მკაცრი ზომები, რომ არ გაიპაროს ასეთი ფაქტი ან სიყალბე. კომპანიის პროფესიონალი გუნდი ამ გამოწვევას წარმატებით პასუხობს, შესაბამისად სადაზღვევო თაღლითობის რისკები ჩვენთან მინიმუმამდეა დაყვანილი.
რამდენად დიდია ზარალი,რომელიც შესაძლოა თაღლითობამ კომპანიას მიაყენოს?
თაღლითობამ კომპანიას და შესაბამისად თანამშრომლებს შესაძლოა დიდი ზარალი მიაყენოს. საუბარია ათიათასობით ლარზე. თუმცა ზიანი მხოლოდ ფულად დანაკარში არ გამოიხატება. თუ საეჭვო გარემოებების გამოვლენა ვერ შევძელით, კომპანია ვალდებული გახდება წესები გაამკაცროს და ცვლილებები ტარიფებშიც შეიტანოს. თუმცა „ჯიპიაის“ პროფესიონალი გუნდი ჰყავს და რისკების მართვა ყველა ეტაპზე წარმატებით ხორციელდება.
აქვს თუ არა გავლენა თაღლითობის შემთხვევებს კეთილსინდისიერ მომხმარებელზე და როგორია ის?
თაღლითობის შემთხვევები გავლენას სამწუხაროდ მომხმარებელზეც მოახდენს. ჩვენი პრიორიტეტი დაზღვეულებისთვის კომფორტის შექმნაა. ვცდილობთ, ჩვენს დაზღვეულებს მაქსიმალურად გამარტივებული სერვისები შევთავაზოთ. სწორედ ამ პრინციპებით ვქმნით ახალ პროდუქტებს სადაზღვევო ბაზარზე. თაღლითობის გახშირებულმა შემთხვევებმა კი შესაძლოა დღის წესრიგში ზარალის დარეგულირებისა და ანაზღაურების პროცედურების გამკაცრება გამოიწვიოს, შემოდის მეტი ბიუროკრატია. შესაძლოა კომპანიას ფასების დაკორექტირებაც მოუხდეს. სწორედ იმიტომ, რომ არ გვინდა კეთილსინდისიერი მომხმარებელი დავაზარალოთ, ვცდილობთ, კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი მექანიზმები ავამუშაოთ თაღლითებთან ბრძოლაში. ჩვენ ბევრი საეჭვო ფაქტის დროული გამოვლენა უკვე შევძელით რაც ადასტურებს, რომ „ჯიპიაის“ პრევენციული მექანიზმები წარმატებით მუშაობს.