სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია KA Group-ის დამფუძნებელი, ირაკლი ჭიღლაძე BMGTV-ს გადაცემა #წერტილში ამბობს, რომ ერევანი დღეს სასტუმრო ინდუსტრიაში უფრო აქტიური და დატვირთულია, ვიდრე თბილისი. აღსანიშნავია, რომ KA Group-ი ერევანში სამი სასტუმროს - „ანი პლაზას“, „ანი გრანდის“ და „ანი ცენტრალის“ ჯამში, 700-მდე ნომერს მართავს.
„ერევანი დღეს იმ ეტაპზეა, რაც თბილისმა 2017-2019 წლებში გაიარა — მაღალი მოთხოვნა და შედარებით დაბალი მიწოდება. ეს ზრდის დატვირთულობას და შესაბამისად, ზრდის შემოსავლის შესაძლებლობებსაც. მაგალითად, თუ თბილისში სასტუმროების საშუალო წლიური დატვირთულობა 50-54%-ია, ერევანში ეს მაჩვენებელი 64%-ს აჭარბებს და სწორი მენეჯმენტის პირობებში, 70-72%-საც კი აღწევს,“ - ამბობს ირაკლი ჭიღლაძე.
მისივე განმარტებით, მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის სხვაობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა. მაგალითად, თუ დავაკვირდებით დაჯავშნის პოპულარულ პლატფორმა Booking.com-ს და 4-5 ვარსკვლავიან სასტუმროებს შევადარებთ, თბილისში 750-ზე მეტი ასეთი სასტუმროა რეგისტრირებული, მაშინ როდესაც ერევანში მხოლოდ 243 ობიექტი ფიქსირდება.
„უახლოეს ხუთ წელიწადში გამოვლინდება ერევნის სასტუმრო სექტორის განვითარება. თუ არ იქნება დიდი მიწოდება და არ წავა სასტუმროების ქაოსური მშენებლობა, მაშინ ბიზნესი სტაბილურობის შენარჩუნებას შეძლებს. სხვა შემთხვევაში იმავეს გაიზიარებს, რა ეტაპიც ახლა თბილისს აქვს. თბილისში ახლა მიწოდება ძალიან დიდი გვაქვს. ერევანში 9 საერთაშორისო ბრენდის სასტუმროა, თბილისში 40-ზე მეტი. შესაბამისად, კონკურენციის პირობებში, თუ მაგალითად საქართველოში 2019 წლიდან დაწყებული რაღაცას დავაბიუჯეტებთ, შემდეგ წლის ჭრილში გვიწევს გადაბიუჯეტება. იმიტომ, რომ არსებული რეალობა გეგმას ვერ მიჰყვება და შესაბამისად, გვიწევს რომ მფლობელთან გავიაროთ ეს არცთუ ისე იოლი პროცესი, რაც ჯერჯერობით ერევანს არ სჭირდება“, - თქვა მან.
რაც შეეხება ტურისტულ ნაკადებს, მისივე ინფორმაციით, სომხეთშიც წამყვანი ბაზრები ირანი, ინდოეთი და ჩინეთია, თუმცა დამატებით ტოპ ხუთეულში შედის იტალია და აშშ — ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ჯერ არ არიან იგივე მასშტაბით. სომხეთი აქტიურად მუშაობს ფრენების გამარტივებაზე, მათ შორის ბიუჯეტურ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობით და სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებაც მეტად ხელშესახებია.
„ისინი აცნობიერებენ, რომ ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი სექტორია ქვეყნის ეკონომიკისთვის და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი რეგულაცია გაამარტივონ. საქართველოში, ჩემი აზრით, სწორედ ამ მიმართულებითაა საჭირო დამატებითი ნაბიჯები“, - აცხადებს ირაკლი ჭიღლაძე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ტურისტების ნაკადი ერევანში შემცირების ტენდენციას აჩვენებს, ბაზრის დივერსიფიკაცია და სახელმწიფოს პროაქტიური მიდგომა სასტუმროების მენეჯმენტს ამ ეტაპზე სომხეთში უფრო გამარტივებულსა და შედეგიანს ხდის.