ბიზნესმენი, „ქართული ოცნების“ უმსხვილესი შემწირველი და ე.წ. „რუსული კანონის“ მომხრე ნოშრევან ნამორაძე ვაკეში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, 180 მეტრიან ცათამბჯენს აშენებს.

ბიზნესმენის კომპანია VR Holding-ის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის 49-ში, ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ადგილას, პრემიუმ კლასის, თანამედროვე გეგმარების მქონე პროექტის VR Vake Skyview Tower-ის მშენებლობა განთავსდება. კომპანიის ინფორმაციით, VR Vake Skyview თბილისში ყველაზე მაღალი შენობა იქნება.

„პროექტს უდიდესი პოზიტიური ზეგავლენა ექნება დედაქალაქში ახალი სტანდარტის დამკვიდრებისა და საცხოვრებელი დონის გაუმჯობესების კუთხით.

VR VAKE SKYVIEW-ის პროექტი არსებული გზებისა და ინფრასტრუქტურის განახლება-გაჯანსაღებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზების გაფართოება, სარეკრეაციო და მოსასვენებელი სივრცეებისა და სკვერების გაშენება, დამატებითი საპარკინგე ადგილების მოწყობა, რომლითაც სარგებლობას მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებიც შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ მულტიფუნქციური კომპლექსის ბოლო სართულზე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საცურაო აუზი განთავსდება. ამასთან, შენობის სახურავზე ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი მოეწყობა.

ამ პროექტში განთავსდება VR VAKE SKYVIEW Apartments-ის 5-ვარსკვლავიანი აპარტამენტები, რომლებიც გრძელვადიან გაქირავებაზე იქნება გათვლილი და მათ მფლობელებს კომპლექსის ყველა უპირატესობით სარგებლობა შეეძლებათ“, - ნათქვამია კომპანიის პროექტის აღწერაში. 

არქიტექტურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ნოშრევან ნამორაძე, ახალი პროექტს ათანხმებს, რომელზედაც შუალედური დასკვნა რამდენიმე დღის წინ უკვე მიიღო. კომპანიამ არსებულ ტერიტორიაზე შენობების დემონტაჟი უკვე განახორციელა.

„ტერიტორიის ჯამური ფართობია 18664 კვ.მ-ია. ეზოში გამწვანებული ტერიტორიების საერთო ფართობი იქნება მინიმუმ 5639.1 კვ.მ.

შენობა მოიცავს მიწისქვეშა ავტოსადგომებს, რომელიც მოეწყობა ოთხ მიწისქვეშა სართულზე, პარკინგი ჯამურად გათვლილია 310 ავტომობილისთვის.

  • სართული 0 -  განთავსებულია ჰიპერმარკეტი და სპორტული მაღაზია.
  • სართული 1  -  ლობი, ტერასით და სპორტული დარბაზი.
  • სართული 2  -  ტექნიკური სართული.
  • სართული 3  -  საცურაო აუზი, გასახდელები, სველი წერტილები, ტექნიკური სათავსები.
  • სართული 4  -  საოფისე ფართი ტერასით.
  • სართული 5  - ტერასა- სარეკრეაციო სივრცე.
  • სართული 6 -დან  19 სართულის ჩათვლით განთავსებულია ოფისები.
  • სართული 20 - ატიპიური საცხოვრებელი სართული ტერასით.
  • სართული 21  - ტექნიკური სართული.
  • სართული 22- 30 სართულის ჩათვლით - 8 ტიპიური საცხოვრებელი სართული და 1 ატიპიური საცხოვრებელი სართული ტერასით.
  • სართული 31 -  ტექნიკური სართული.
  • სართული  32 დან 45 სართულის ჩათვლით - 14  ტიპიური საცხოვრებელი სართული.
  • სართული  46 დან 47 სართულის ჩათვლით  - საოფისე ფართი.
  • სართული 48 - ტექნიკური სართული.
  • სართული 49 - აუზი და ტერასა.
  • შენობის ბოლო სართულის თავზე განთავზებულია ჰელიპადი, ვერტმფრებნის დასაჯდომად და ასაფრენად მოწყობილი  სპეციალური პლატფორმა, რომელიც შენობის ძირითად ფუნქციურ ნაწილს ლიფტების და კიბეების საშუალებით უკავშირდება“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.