დღეს და ხვალ საკრებულოში ჭავჭავაძის ქუჩაზე სპორტის უნივერსიტეტის (ფიზკულტურულის) ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის საკითხი განიხილება. ინფორმაციას ამის შესახებ ლელოს წევრი საბა ბუაძე ავრცელებს.
მისი თქმით საქმე ეხება 170 მეტრიან გიგანტურ შენობას, რომელსაც ჯერ-ჯერობით ირგვლივ ანალოგი არ აქვს. საერთო სამშენებლო მოცულობა არის 85,000 კვადრატული მეტრი.
„ეს ტერიტორია ეკუთვნის ნოშრევან ნამორაძეს.
წარმოიდგინეთ რა გავლენა ექნება ამ პროექტს ე.წ. ვაკის აუზის უბანზე, რომელიც ისედაც პარალიზებულია დღის აქტიურ მონაკვეთებში.
ერთ-ერთ წინა სხდომაზე მერიამ იქვე არსებული ტროტუარის გაყიდვა დაგვიანონსა, იმისათვის რომ ამ შემზარავ პროექტს შეუერთონ.
ამ გადაწყვეტილებას უმძიმესი შედეგი ექნება ჩვენი ქალაქისთვის და ვაკის მაცხოვრებლებისთვის.“- აცხადებს საბა ბუაძე.
რაც შეეხება აღნიშნულ ობიექტს.
საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიის შემძენმა ადგილზე არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ობიექტი 2022 წელს შპს ვი არ ვაკე თაუერსმა იყიდა. კომპანია 2022 წლის სექტემბერში დაფუძნდა და მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი “კრწანისი ვილა რეზიდენსის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძეა.
სრულად სპორტის უნივერსიტეტის შენობის საინვესტიციო ვალდებულებები ასე ნაწილდება:
ბ. შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში, საპრივატიზებო უძრავი ქონებიდან, დანართი N2-ით განსაზღვრული სიტუაციური გეგმის შესაბამისად, არანაკლებ 7200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, არანაკლებ 26 128 219 (ოცდაექვსი მილიონ ას ოცდარვა ათას ორას ცხრამეტი) ლარის დანახარჯის გაწევის გზით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებული სამშენებლო პროექტით და პირობებით:
გ.ა) არანაკლებ 9 400 კვ.მ. საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობ(ებ)ის აშენება (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ამავე შენობის სრულ რემონტს, დამოუკიდებელ გათბობა-გაგრილების სისტემას, არანაკლებ 20 (ოცი) ავტომობილზე გათვლილ მიწისქვეშა ავტოსადგომს, კალათბურთის, ფრენბურთის, ტანვარჯიშის, ძალოსნობის, ფიტნესის, კრივის თითო დარბაზისა და ჭიდაობის 2 (ორი) დარბაზის (ჯამში 8 (რვა) დარბაზი) მოწყობას) და შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება;
გ.ბ) „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტოსადგომიდან არანაკლებ 110 კვ.მ. ფართის მოწყობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებით, იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში, იგი ასრულებდეს სამოქალაქო უსაფრთხოების დამცავი ნაგებობის (თავშესაფრის) ფუნქციას;
გ.გ) არანაკლებ 500 (ხუთასი) კვ.მ. ფართის მქონე ღია ტიპის ხელოვნურსაფარიანი/ბუნებრივსაფარიანი მინისაფეხბურთო მოედნის და არანაკლებ 650 კვ.მ. ფართის მქონე ღია ტიპის ჩოგბურთის მოედნის მოწყობა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება;
დ) „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამავე პუნქტით გათვალისწინებული უძრავი და მოძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა;
ე) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მითითებულ ტერიტორიაზე არანაკლებ 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ამავე სამინისტროსთან შეთანხმებული სამშენებლო პროექტითა და პირობებით, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ, არანაკლებ 3 390 776 (სამი მილიონ სამას ოთხმოცდაათი ათას შვიდას სამოცდათექვსმეტი) ლარის დანახარჯის გაწევის გზით, სამბოს დარბაზის პროექტირება, მშენებლობა, რემონტი და შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება.
ვ) შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 7 (შვიდი) წლის ვადაში, საპრივატიზებო უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარების მიზნით, ასევე, „გ“ და „ე“ პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, არანაკლებ 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) ლარის დანახარჯის/ინვესტიციის განხორციელება (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე).
აღნიშნულ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა მერიის შესაბამის სამსახურებს „ვი არ ვაკე თაუერსმა“ 2023 წლის გაზაფხულზე წარუდგინა. როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, საპროექტო ტერიტორიის ჯამური ფართობია 18 397 კვ.მეტრი.
„საპროექტო წინადადება ითვალისწინებს საპროექტო ნაკვეთზე არსებული ამორტიზებული შენობების დემონტაჟს და მის ნაცვლად სამხრეთ ნაწილში მრავალფუნქციური კომპლექსის განთავსებას (შენობა N1), ხოლო ჩრდილო დასავლეთ ნაწილში სპორტის უნივერსიტეტის აშენებას (შენობა N2).
საპროექტო კომპლექსის შენობა N1 - მოიცავს მიწისქვეშა ავტოსადგომებს, რომელიც მოეწყობა სამ მიწისქვეშა სართულზე, ხოლო მიწისზევით აშენდება 43 სართული. პირველი 5 სართული დაეთმობა მრავალფუნქციურ კომერციულ ფართს, რომელიც შეასრულებს ერთგვარი პედესტალის ფუნქციას მაღლივი შენობისთვის. შემდეგი 11 სართული დაეთმობა საოფისე სივრცეებს, რომლის თავზეც მოეწყობა საცხოვრებელი ბინები 22 სართულად. ბოლო 5 სართული დაეთმობა ასევე კომერციულ ფართს, სადაც მოეწყობა ფიტნეს დარბაზები, რესტორანი და სახურავზე საცურაო აუზი.
შენობას ჰორიზონტალურად სხვა და სხვა ფუნქციებად გამოყოფს რეკრეაციული სართულები, სადაც მოეწყობა გამწვანებული სივრცეები.
შენობა N2 - აშენდება ტერიტორიის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში. იგი წარმოადგენს 4-სართულიან შენობას მიწისქვეშა ავტოსადგომებით. შენობა მთლიანად დაეთმობა უნივერსიტეტს. ხოლო მის მოპირდაპირედ მოეწყობა ჩოგბურთის ორი ღია კორტი და ასევე ღია მინი ფეხბურთის მოედანი,“- აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
კომპანია „ვი არ ვაკე თაუერსმა“ მერიის არქიტექტურის სამსახურს უკვე მიმართა აღნიშნულ საპროექტო ტერიტორიაზე არსებული შენობების დემონტაჟის თხოვნით, რაზეც თანხმობა მიიღო.